ახმეტის N3 სკოლის ეკოკლუბელებმა სკოლის ეზო გაამწვანეს

21 მარტს კახეთში, ქალაქ ახმეტის N3 საჯარო სკოლის  ეკოკლუბის მოსწავლეებმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა თემაზე: "21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა". შეხვედრის მიზანი იყო  მოსწავლეებში ტყის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. აღნიშნეს რომ ეს დღე 1971 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა აქტივობებით.

შეხვედრაზე ეკოკლუბის წევრებმა  გააკეთეს პრეზენტაციები ტყის მნიშვნელობის შესახებ. ისაუბრეს  ტყის ბუნებრივ რესურსებზე, ტყის  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე, ტყეების როლზე - კლიმატის ჩამოყალიბებაში, ნიადაგის ერიზიისგან დაცვაში, ნიადაგის საფარის აღდგენა- შენარჩუნებაში, წყლის ხარისხისა და ცირკულაციის  რეგულაციაში.

ასევე ყურადღება გაამახვილეს  ნერგების დარგვის დროზე, ნერგების შერჩევაზე, ნიადაგის მომზადებაზე და ნერგების მოვლა-პატრონობაზე.

სამუშაო შეხვედრის ბოლოს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა  სკოლის ეზოში დარგეს ატმის ნერგები.