კავკასიის ბოიმრავალფეროვნება თბილისის N51 სკოლის მოსწავლეების თვალით

გალაკტიონ ტაბიძის სახელობისთბილისის  51-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ბავშვებმა დაათვალიერეს “კავკასიის ბიომრავალფეროვნების” გამოფენა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.

დღეს თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ახალ გამოფენაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს  კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, მცენარეების ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები,  ძუძუმწოვრები და სხვა მრავალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ, თანამედროვე მიდგომებით რეკონსტრუირებული ათწლეულების წინანდელი გამოფენის დიორამები - თურანული ვეფხვის და გარეული ტახის ფიტულები მტკვრის ჭალის ტყის ფონზე; საქართველოს ტბების და ჭაობების ფაუნა ჭალის ტყის მახლობლად და ძუძუმწოვარ ცხოველთა მრავალფეროვანი კოლექციები მდინარე ვერეს პანორამის ფონზე. 

საინტერესოა ეკოკლუბელების აზრი აღნიშნულ გამოფენაზე:

„ძალიან მომეწონა გამოფენა. ვფიქრობ საინტერესო ექსპონატებია წარმოდგენილი, რომელიც მართლა აუცილებელია რომ ადამიანმა ერთხელ მაინც იხილოს. მე პირადად, განსაკუთრებით მომეწონა ე.წ “ქიმიის განყოფილება”, სადაც იყო სხვადასხვა ნივთიერებები და ქანები. ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ კი ხშირად ვესტუმტებით მსგავს გამოფენებს, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალნათლივ ვნახოთ ყველაფერი ის რასაც სახელმძღვანელოებში ვსწავლობთ“ (თინათინი).  

„მე მომეწონა, რომ გამოფენაზე იყო ძალიან ბევრი, საინტერესო ექსპონატი. დამამახსოვრდა ვეშაპი რომელიც შემთხვევით მოხვდა შავ ზღვაში და მისი ჩონჩხი ახლა ამ გამოფენაზეა. ასევე ვეფხვი, რომელიც შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და მონადირე სულ შემთხვევით შეხვდა და მოკლა. ვნახეთ ჯიქის ფიტული, რომელიც ახლა ძალიან ცოტა არის დარჩენილი“ (ნიკოლოზი).

„კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მასალები. გამოფენილი და ახსნილი იყო თითოეული ქიმიური ნივთიერებების ფიზიკური აგებულებები , რაც ძალიან კარგად დაგვეხმარა მასალის უკეთ ათვისებასა და ფიზიკურ აღთქმაში. ძალიან დამაინტერესა ვეშაპის ჩონჩხმა და ზოგიერთმა უკვე გადაშენებულმა ფლორამ, რომელიც საქართველოში არსებობდა მანამდე“ (ანა).

ეკოკლუბი ერთობლივად შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ ადამიანი, როგორც დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მეტად მოაზროვნე არსება, ვალდებულია გაუფრთხილდეს და იზრუნოს დედამიწაზე ამ დროისთვის არსებულ ფლორასა და ფაუნაზე, განსაკუთრებით კი გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე. ამას კი ძალიან დიდი მონდომება, შესაბამისი განათლება  და შრომა სჭირდება. სწორედ ამას ემსახურებოდა აღნიშნული გამოფენა.

გუნდი “51 სკოლა” დიდ მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საინტერესო ინფორმაციისთვის და ექსპონატებისთვის. გუნდის წევრები აგრეთვე შეხვდნენ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსწავლეების მიერ მომზადებულ მასალებს გამოაქვეყნებენ თავიანთ გვერდზე, რათა მოხდეს  მდგრადი განვითარების მიზნების, მიზნების მისაღწევად ჩატარებული აქტივობების პოპულარიზაცია.