ბაღდათში ზამთრისთვის მოქალაქეები თანხის ნაცვლად შეშას მიიღებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ადგილობრივი თვითმმართველობისგან, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს გათბობისთვის განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ 2კბ.მ შეშას მიიღებენ. ამ რაოდენობის შეშას ბაღდათში მცხოვრები მხოლოდ 180 ოჯახი მიიღებს. ბაღდათში მცხორებმა, 86 წლის მარტოხელა გურამ ნერგაძემ მუნიციპალიტეტს ზამთრისთვის საწვავი შეშის მოთხოვნით განცხადებით მიმართა. პირველი ჯგუფის ინვალიდისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა, რომელსაც ადგილობრივი მთავრობისგან უკვე რამდენიმე თვეა ელის. გურამ ნერგაძის მსგავსად ბაღდათში საწვავ შეშაზე მოთხოვნის შესახებ მოქალაქეების განცხადებათა რაოდენობა უპრეცედენტოა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, შეშის მიღების მსურველთა განაცხადის ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია. ბაღდათის გამგეობაში ასევე, განმარტავენ, რომ წინა წელს მოქალაქეებისთვის ზამთარში შეშის შესაძენად თანხის გადაცემამ არ გაამართლა. "შარშან თითო ოჯახზე გამოვყავით 200 ლარის ოდენობის თანხა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა ისევ დარჩა დღის წესრიგში, რადგან იყო შემთხვევები თანხის არამიზნობრივად გამოყენების," - აღნიშნავს ბაღდათის გამგებლის მოადგილე, გელა მშვილდაძე. მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა შეშის მიწოდებაზე 37 600 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა (SPA150029435). სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 400 კბ.მ საწვავი შეშა სოციალურად დაუცველებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, რამდენი უმწეო ოჯახი მიიღებს მუნიციპალიტეტისგან შეშას, დოკუმენტაციაში მითითებული არაა. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ შეშა მხოლოდ მარტოხელათა და მრავალშვილიანთა კატეგორიაზე გაიცემა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაუწევენ მონოტორინგს. სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე, აღნიშნულია, რომ შეშის დამზადება უნდა მოხდეს სოფელ წყალთაშუას ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფონდის ფარგლებში. ბაღდათის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ტერიტორიაზე შეშის მოჭრის ნებართვის თაობაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურს 2015 წლის 7 ოქტომბერს მიმართა. სააგენტოს მიერ გაცემულ ნებართვაში, მუნიციპალიტეტს უფლება ენიჭება სატენდერო დუკუმენტაციაში მითითებული 400 კბ.მ-ის ნაცვლად, 621 კბ.მ მეორე ხარისხის საწვავი შეშა აითვისოს. აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეშას მოსახლობის გარდა, მათ მიერ დაქვემდებარებული ააიპ-ებიც მიიღებენ. "ჩვენს მიერ დაქვემდებარებული ააიპ-ებისთვის შეშის მიწოდებაზე ტენდერი საჭირო არ იყო. ისინი თავად უზრუვნელყოფენ ამ საკითხს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ნებართვის მიღება კი აუცილებელი იყო," - აცხადებს ბაღდათის გამგებლის მოადგილე, გელა მშვილდაძე. მისივე ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 245 კბ.მ საწვავი შეშა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიმდინარე წლის აგვისტოშიც დაურიგა. თუმცა, ამ შემთვევაში ტენდერი არ გამოცხადებულა, რადგან აღნიშნული შეშა 2012 წელს უკანონო მოპოვებისთვის იყო დაყადაღებული. ბაღდათში შეშის მიწოდებაზე წელს გამოცხადებული ტენდერით ორი ადგილობრივი და ერთიც თბილისში დარეგისტრირებული კომპანია G-service დაინტერესდა. ხელშეკრულების მომზადება ამ უკანასკნელთან მიდინარეობს. შპს G-service-მა სამუშაოების შესრულებაში 35 940 ლარი მოითხოვა. კომპანიამ შეშის მიწოდება 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს. წყარო: kutaisipost