2 მარტს რაჭაში, სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,ასკრიონმა" გადაწყვიტა აღენიშნა ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე. გუნდის ერთ-ერთმა სპიკერმა, ნიკოლოზ სანთელაძემ მოამზადა პრეზენტაცია და მეოთხე და მეხუთე კლასს წარუდგინა მის მიერ შეკრებილი მასალა. პრეზენტაციაში აღნიშნული იყო, რომ WWF - ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო ფონდი ცდილობს ველური ბუნების კონსერვაციას, კვლევასა და ბუნების იშვიათი სახეობების დაცვას. ასევე მრავალ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ კლიმატის და ეკოსისტემების დაცვის კუთხითაც. მათი ზრუნვის საგანი არქტიკის თეთრი დათვებიცაა.
ნიკოლოზმა მოსწავლეებს გააცნო ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ფაქტები ველური ბუნების შესახებ, მათ შორის ამაზონის ჯუნგლებზე, რომელიც "სიცოცხლის აკვანს" წარმოადგენს. პრეზენტატორმა ინტერაქციული აქტივობის ხერხი შეარჩია და შეხვედრის ბოლოს მსმენელებს ვიქტორინა მოუწყო. ხოლო ყველაზე გულისხმიერი მსმენელი სამახსოვროდ დიპლომებით დააჯილდოვდა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ეკოკლუბის წევრები - ანი გოგოლაშვილი და ნანო კერვალიშვილი.