18 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლში ჩატარდა ესეების კონკურსი - "ბუნება დედაა ჩვენი". ეკოკლუბის ხელმძღვანელის თინათინ ბერიძის ინიციატივით კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ეკოკლუბის წევრებმა და სკოლის VII- X კლასის მოსწავლეებმა. მონაწილეები გაეცნენ ერთმანეთის ნამუშევრებს ბუნების მნიშვნელობისა და დაცვის შესახებ, ასევე მიიღეს შეფასებები ტაძრისის სკოლის ფილოლოგებისაგან, რათა შემდეგში უკეთესად შეძლონ აზრის გადმოცემა. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ შეეცნოთ ბუნება და გასჩენოდათ გარემოს დაცვის სურვილი.
ასევე, ესეების კონკურსის პარალელურად, ამავე თემაზე, ჩატარდა ხატვის კონკურსი. მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. საკონკურსო ნამუშევრებში საინტერესოდ და ლამაზად იყო გადმოცემული კონკურსანტების დამოკიდებულება ბუნების მიმართ.
მოტივაციის ამაღლების მიზნით კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებმაც მიიღეს სიგელები, ასევე დაჯილდოვდა ესეების კონკურსის თითოეული მონაწილე.
ეკოკლუბელების განცხადებით, კონკურსი - " ბუნება დედაა ჩვენი" საინტერესო გამოვიდა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები. ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ბუნების დაცვა აუცილებელია.