იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე გარემოს" წევრებმა 15 თებერვალს მოაწყვეს მათ მიერ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დამზადებული ნაკეთობათა გამოფენა (პანდემიის გამო მათი დამზადება მოხდა როგორც სკოლის, ასევე სახლის პირობებში). ნაკეთობები ძირითადად დამზადებულია პლასტმასის ნარჩენებისაგან, გაფორმებულია გემოვნებით და აქვთ გამოყენებადი დანიშნულება (ოთახის ყვავილების ქოთნები, ლარნაკები, სუვენირები და სხვა...).
აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბელთა მიერ გამრავლებული ოთახის ყვავილების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათ მიერ დამზადებულ ქოთნებშია მოთავსებული.
ეკოკლუბის მიზანია იმ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებაზე ზრუნვა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ბუნებრივ რესურსებს. ისინი მოუწოდებენ თანატოლებს სკოლის საზოგადოებას დაინტერესდნენ ამ იდეით და სთავაზობენ თავიანთ კრეატიულ ხერხს, რომელიც ხელს შეუწყობს უსარგებლო, გადასაგდები ნარჩენებისათვის "მეორე სიცოცხლის" დაბრუნებას და შედეგად იმ ნარჩენების შემცირებას, რომელიც აბინძურებს გარემოს.
ეკოკლუბელთა სლოგანია: "თუ არ ვამცირებთ ჩვენ ნარჩენს, აზრი არ აქვს დანარჩენს!".
საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების ხელშესაწყობად ეკოკლუბის წევრებმა 12 თებერვალს წინადადებით მიმართეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ხურცილავას, რათა სოფლის ტერიტორიაზე განთავსდეს ურნები პოლიეთილენის ნარჩენების მოსათავსებლად. მერის მოადგილემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ეკოკლუბელებს და აუხსნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ეკოკლუბელები ითანამშრომლებენ მერიასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.
ეკოკლუბელებმა ალექსანდრე ხურცილავას გადასცეს მათ მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტი.
ეკოკლუბის წევრებმა მათ მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს მოსახლეობაში (პანდემიის რეკომენდაციების დაცვით) რათა მოხდეს მათი ცნობიერების ამაღლება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების მნიშვნელობის შესახებ. აგრეთვე სკოლის facebook-ის გვერდის საშუალებით გააკეთეს მოწოდება, რომ არ გადაყარონ პლასტმასის ბოთლები გარემოში და მათგან დაამზადონ სხვადასხვა გამოყენებადი ნივთები. ამით შეამცირონ ნარჩენი და ერთად დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან.