თბილისის 151-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკოგეას“ წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დასუფთავება-გამწვანების აქციით მათი წვლილი შეიტანონ მდგრადი განვითარების პროცესში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში.
ეკოკლუბელებმა ერთი შაბათ-კვირა მათი სკოლის დასუფთავებას და გამწვანებას დაუთმეს. მოსწავლეები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთმა ნაწილმა სკოლის ეზოს დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა, მეზობელი კორპუსებიდან უდიერად გადმოყრილ ნაგავს ტომრებში მოუყარეს თავი და ახლომდებარე ურნაში ჩაყარეს, ხოლო ბავშვების მეორე ნაწილმა სიმბოლურად მუშმალის ნერგი დარგო.
ამის შემდეგ გადაიღეს ვიდეო, რომელშიც თანატოლებს მოუწოდეს, რომ მათაც მიბაძონ და გაახარონ ნერგები. ვიდეო ნაცნობ-მეგობრებში გაავრცელეს.
აქციის მიზანი თანატოლებში ეკოლოგიური ცნობიერების და გარემოსადმი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. საქმიანობის დაწყებამდე მოსწავლეებმა მოიმარაგეს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო სითხე. ყველა აქტივობა რეგულაციების წესების მკაცრი დაცვით ჩატარდა.