ზემო ჭალადიდელმა ეკოკლუბელებმა რიონის სანაპირო დაასუფთავეს

სამეგრელოში, გიორგი ჭალადიდიელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოჭალადიდის საჯარო სკოლის ეკოკლუბი  "რიონისპირელი" (რომელიც  შედგება 7 მოსწავლესა და 2 მასწავლებლისაგან) ჩაერთო ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში და მოსწავლეებმა სკოლის მასწავლებლების ზედამხედველობით ჩაატარა დასუფთავების აქცია.

მდინარე რიონის სანაპირო ზოლზე ძირითადად დასუფთავდა მდინარეზე არსებული ბორანის მიმდებარე ტერიტორიის 500 მეტრი სანაპირო. აქ მოსახლეობა სარგებლობს მდინარე რიონზე გაღმა სოფელთან დამაკავშირებელი ბორნით.

ნარჩენებს ძირითადად შეადგენდა ადიდების შედეგად მდინარისგან გამორიყული ხის ნაგლეჯები, პოლიეთილენის ბოთლები, ცელოფნის  პარკები, კონსერვის ქილები, შუშის  ნამსხვრევები და სხვა სახის ნარჩენებიც, რაც სხვადასხვა დროს ბორნის მგზავრებმა წყალში გადაყარეს.

მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ სამუშაოს. ნაგროვები ნარჩერნები ჩავარეს პოლიეთილენის პარკებში და სოფლის დიდი სანაგვე  ურნაში მოათავსეს. აქტივობის პარალელურად, ბავშვებმა შემხვედრ მცხოვრებლებს აუხსნეს გარემოს დაცვის წესები და მნიშვნელობა.