დასუფთავების აქცია რუსთავის "მეგობრობის პარკში"

ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ორგანიზება გაუწია აქციას სახელწოდებით: "ერთად დავასუფთავოთ გარემო". მოსწავლეებმა დასასუფთავებელ ადგილად "მეგობრობის პარკი" აირჩიეს.

აქცია facebook-ის საშუალებით გაავრცელეს და მოუწოდეს მოსახლეობას, რომ სურვილის შემთხვევაში  მათ შეერთებოდნენ და ერთად განეხორციელებინათ დასუფთავების აქციები.

"მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ ჩვენთან თანამშრომლობის მსურველთა სიაში უკვე უამრავი ადამიანია. გვახარებს ისიც, რომ როდესაც ვიღებდით სხვადასხვა სახის ნარჩენებს და პარკებში ვათავსებდით, ამ საქმეში ჩვეულებრივი გამვლელები გვეხმარებოდნენ და თავადაც იღებდნენ მონაწილეობას. იმედია ჩვენმა გუნდმა მცირე წვლილი მაინც შეიტანა მწვანე სივრცის შენარჩუნებაში" - ამბობენ რუსთაველი მოსწავლეები.

ეკოკლუბელების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს მსგავსი  ტიპის აქცია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განახორციელონ. მათი საერთო გადაწყვეტილებით, მომდევნო დასუფთავების აქცია რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართება და ასე ყოველთვე აარჩევენ სხვადასხვა ტერიტორიას, რომელსაც ერთად დაასუფთავებენ.