ხარაგაულელი ეკოკლუბელები ქუჩის ძაღლებზე ზრუნავენ

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა "ქლოროფილია" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში წამოიწყო კამპანია ქუჩის ძაღლების დასაპურებლად. ბავშვებმა სახლიდან მოიტანეს პური და ქუჩაში მყოფი ძაღლები გამოკვებეს.

აღსანიშნავია, რომ ხარაგაული პატარა რაიონია, თუმცა ქუჩის ძაღლი ბევრია. ძაღლებს გარკვეული ადგილები აქვთ შერჩეული საცხოვრებლად, სადაც ზამთრის სიცივესა და ცხოველების მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებისაგან თავის დაღწევას ცდილობენ.

მოსწავლეებმა იცოდნენ მათი საცხოვრებლის შესახებ და ადგილზე მიუტანეს საკვები. ძაღლები თავიდან ცოტა დაფრთხნენ, გაიქცნენ, მერე ნდობა გაუჩნდათ და ბავშვებს მიუახლოვდნენ. იქვე სანაგვე ურნასთან მათი საკვებისთვის განკუთვნილი ყუთი იდგა, ეკოკლუბელებმა ყუთში დატოვეს დარჩენილი პური, რომ სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ ცხოველების გამოკვების საშუალება.

ეკოკლუბმა "ქლოროფილიამ" მოხალისეობრივი პასუხისმგებლობა აიღო ქუჩის ძაღლებზე. ბავშვები კვირაში ერთხელ საკვებ ყუთს შეავსებენ და ამით მცირე წვლილს შეიტანენ მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ცხოველთა გადარჩენაში.