მარტვილის სკოლები ნიკო კეცხოველის გზაზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ალექსანდრე ბენიძემ და გვანცა თოფურიამ 25 დეკემბერს  ჩაატარეს ონლაინ-შეხვედრა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსი 2020-2021-ის ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკოკლუბის ახალი წევრები და მეზობელი სკოლების - ხუნწისა და ქვემო ნაგვაზაოს სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში.

გვანცა თოფურიამ მოსწავლეებს გააცნო კონკურსის მიზნები და ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი არის არამარტო საუკეთესო ეკოკლუბის, მასწავლებლების და მოსწავლეების გამოვლენის შესაძლებლობა, არამედ ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღების და გაზიარების, პიროვნული ზრდის და ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობა.

ალექსანდრე ბენიძემ კი ისაუბრა რეგისტრაციის პროცესის, აქტივობების ატვირთვის და ქულების დაგროვების წესებზე. დასასრულს კი მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, როგორც კი შემსუბუქდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ გარემოსდაცვითი აქტივობები.

აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორის მაია კოდუას შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებთან, რომელიც ონლაინ პლატფორმა Maicrosoft teams-ის მეშვეობით განხორციელდა.