მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "იელი“ ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად საინტერფესო ღონისძიებები განახორციელა. 2020 წლის მაისის თვის განმავლობაში ეკოკლუბის წევრები აქტიურად ეცნობოდნენ 22 მაისის დაწესების მიზნებს და სწავლობდნენ ბიომრავალფეროვნებას.
მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია, რომელიც ელექტრონულად გადაუგზავნეს ეკო-სპიკერს. მან თავმოყრილი ცნობები და სტატიები დაახარისხა, სტატიების ნაწილი გამოდგებოდა კატეგორიაში „ბუნება ჩვენს გარშემო“ ასატვირთად, სამი სტატიისგან კი კურატორის დახმარებით დაბეჭდა ბუკლეტები მოსახლეობაში გასავრცელებლად. აქ საუბარი იყო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე და საფრთხეებზე, ასევე მოკრძალებული რჩევები თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ამ საშვილიშვილო საქმეში.
მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ეკოკლუბის წევრებმა 23 მაისს დაარიგეს ბუკლეტები, თუმცა მაინც გამოიყენეს მედიკოსების რეკომენდირებული პირბადეები და დეზინფექციის წესი.
მას შემდეგ, რაც 2000 წელს გაერომ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რიცხვი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. .