კოლხური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი, გადაშენების პირასაა. „ბზის სიდამწვრის“ სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებისა და საშიში მავნებლის – ბზის ალურას მასობრივი გავრცელების გამო, უკანასკნელ წლებში ბზის ბუნებრივი კორომების უდიდესი ნაწილი სრულიად განადურდა. მდგომარეობა საგანგაშოა და პრევენციული თუ აღდგენითი ღონისძიებების დაუყოვნებლივი გატარებაა საჭირო, რათა უნიკალური, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში CENN-მა ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს მიმართა თხოვნით, ბზის ჯანსაღი კორომების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, სადაც შესაძლებელია კალმების აღება ბზის გამრავლების მიზნით.
სატყეო სააგენტოს წარმომდგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს და დაადგინეს სატყეო უბნები, სადაც ბზის ჯანსაღი კორომებია შემორჩენილი. ესენია:
- ჩხოროწყუს სატყეო უბანი: მუხურის სამცველოს ყოფილი საკოლმეურნეო ტყე
- მარტვილის სატყეო უბანი: სალხინოს სამცველო, მდინარე წაჩხურას ხეობა
- კოლხეთის სატყეო უბანი: ზუგდიდის სამცველო, ჭურიის უბანი.
20 ნოემბერს CENN -მა, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის მეტყევეებთან ერთად, ბზის გამრავლების მიზნით. სოფელ მუხურის ქოოს უბანში, მდინარე ხობისწყლის ხეობაში კოლხური ბზის ჯანმრთელი მცენარეებიდან აიღო კალმები, რომლებსაც გადასცემს რეგიონულ პარტნიორებს: ზუგდიდის #1, ხეთის , აფხაზეთის #12, აფხაზეთის #14 და აფხაზეთის #15 საჯარო სკოლებს.
CENN სამუშაო ჯგუფს კონტეინერებით, სუბსტრატით, ზრდის სტიმულატორითა და სამუშაო იარაღებით მოამარაგებს.