CENN–ის წარმომადგენლები თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდნენ

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზიების ქსელის (CENN) წარმომადგენლები და სატყეო დარგის სპეციალისტები, ქალაქ თბილისის მერიის  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ნინო სულხანიშვილს შეხვდნენ და დარგის პრიორიტეტებზე და საერთო გეგმებზე ისაუბრეს. CENN-ის სატყეო პროექტების კოორდინატორმა, რეზო გეთიაშვილმა მოკლედ განმარტა ქალაქ მერიასთან უკვე განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ახალ და უფრო აქტიურ ეტაპზე გადავა. მისი განმარტებით, ამჟამად თბილისს სატყეო და რეკრაციული კუთხით მრავალი პრობლემური საკითხი გააჩნია, იგივე – კრწანისის ტყეპარკის საკითხი, რომელიც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ არ იმართება და ამის გამო მისი ბედი დღემდე გაურკვეველია. ხაზი გაესვა ახალ გარემოებებს, რასაც სატყეო კოდექსის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ტყის ფონდის ცნება უქმება და ტყის სტატუსი ერთიანი განმარტებით განისაზღვრება, რაც 2010 წელს თბილისისთვის გადაცემულ 8,000 ჰექტარ ტერიტორიას სტატუსს დაუბრუნებს და სატყეო სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს. ასევე საგულისხმოა "სოციალური ჭრის" ცნების გაუქმება, რაც მოსახლეობას შეშის დასამზადებლად ტყეში შესვლას შეუზღუდავს და ამ ფუნქციის აღება მართვის უწყებას მოუწევს. აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების განხორცილების სამოქმედო გეგმების გაწერას, რისთვისაც CENN და თბილისის მერია მონაწილეობრივი პროცესის ერთობლივად განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება სამუშაო შეხვედრა გაფართებული ფორმატით მერიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და შეიქმნება ერთობლივი მოქმედებების გეგმა, რაც პროცესს უფრო აქტიურსა და გამჭვირვალეს გახდის.