სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებს სოციალური ტყეკაფებით საერთოდ არ უსარგებლიათ
მარი ჩიტაია, გაზეთი "რეზონანსი"
რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლები შეშით ტყეკაფების გვერდის ავლით მარაგდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ვარაუდით, სკოლებისთვის ხეები, შესაძლოა, საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრებოდეს, რაზეც ნებართვას საკრებულო გასცემს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში გაურკვეველი წარმომავლობის შეშა შედის.
საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებს, სადაც მონიტიტორინგი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) განახორციელა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015-16 წლების ზამთრის სეზონისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ მოთხოვნილი შეშის მოცულობა 5,067 კბ_მ-ია, თუმცა მათ ამ მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილო აითვისეს (დაახლოებით 15%-ია). CENN-ის ინფორმაციით, არსებული მონაცემები 1-ელ ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.
`რეზონანსმა~ განათლების სამინისტროსგან შეშის პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ვერ მიიღო. თუმცა, უწყების წარმომადგენელმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ რეალურად მეტია ათვისებული, რადგან სკოლებში შეშის აქტიური მოხმარება ნოემბრის პირველი რიცხვებიდანვე იწყება.
საპირისპიროს ამბობენ სატყეო სამსახურში, სადაც `რეზონანსს~ განუმარტეს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებს სოციალური ტყეკაფებით საერთოდ არ უსარგებლიათ.
ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შეშის ყველაზე დიდი მომხმარებელი საჯარო სკოლებია, რაც მასალის არალეგალური მოპოვების რისკს უკავშირდება.
CENN-ის წარმომადგენელთა განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული შეშის დიდი ნაწილი გაურკვეველი წარმომავლობისაა, რადგან მათი მიმწოდებლები თითქმის არ სარგებლობენ სოციალური ჭრის ტყეკაფებით, ალტერნატიული რესურსი კი ძალიან მცირეა.
`საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ რეგიონის ექვს სატყეო უბანში სოციალური ჭრისთვის გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის ათვისება 2015 წლის 1-ლი ნოემბრისთვის 779.9 კბ_მ-ს შეადგენს, რომელიც სატყეო უბნების მიხედვით, ასე ნაწილდება: წალენჯიხის სატყეო უბანი - 94 კბ_მ, ჩხოროწყუს სატყეო უბანი - 46 კბ_მ; კოლხეთის სატყეო უბანი - 290 კბ_მ; ხაიშის სატყეო უბანი - 0; მესტიის სატყეო უბანი - 349.9 კბ_მ.
ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა, სკოლების მოსამარაგებლად შეშა საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრებოდეს, რაზეც ნებართვას საკრებულო გასცემს. შესაბამისი დოკუმენტაცია თვითმმართველობებიდან შარშან გამოვითხოვეთ. საკარმიდამო ნაკვეთებში ლეგალურად მოჭრილი შეშის რაოდენობა, საჯარო სკოლების მოთხოვნასთან შედარებით, ძალიან მცირე აღმოჩნდა~, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
სატყეო სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით, სოციალური ჭრის ტყეკაფებით არ უსარგებლია ხობის, ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციით, სკოლების ნაწილს შეშის საჭირო მარაგი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად აქვს შესყიდული.
ხეების არალეგალური ჭრის რისკს სკოლების შეშით უზრუნველყოფის გამარტივებული პროცედურაც ზრდის. სკოლები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ინდივიდუალურად შეისყიდიან შეშას მიმწოდებლებისგან, ელექტრონული ტენდერის გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. შეშის მიმწოდებლები კი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხშირად წლობით არ იცვლება.
`რეზონანსი~ შეეცადა სამეგრელოში მდებარე სკოლებს დაკავშირებოდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოკლაში დაგვიდასტურეს, რომ ნებართვას შეშის შეძენასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობისგან იღებენ, რის შემდეგაც საშეშე მასალას კერძო პირებისგან ყიდულობენ, ზოგ შემთხვევაში კი საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრება.