ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე თაობის" ინიციატივას, რომ გვქონდეს სუფთა გარემო, მე-7 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ და ამჯერად დასუფთავების აქცია დაბა ლაითურში არსებულ მდინარე "ბოინის" მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს.
მდინარე "ბოინი" პატარა მდინარეა, რომელიც დაბა ნარუჯისა და ლაითურის საზღვარზე იღებს სათავეს, მთავარ გზას კვეთს და მდინარე ნატანებს უერთდება. ბავშვებმა სამუშაო შეხვედრაზე, თუ რა მონაკვეთს დაასუფთავებდნენ წინასწარ შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ მდინარის ის მონაკვეთი დაესუფთავებინათ, რომელიც გზასთან ახლოსაა, რადგან ყველაზე მეტად ეს მონაკვეთი ბინძურდება ავტომობილებიდან გადმოყრილი ნაგვით და ამით მცირე წვლილი შეეტანათ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანიც სწორედ ამას მოიცავს.