გარემოსდაცვითი პრობლემები ქობულეთის სოფელ ლეღვაში

ქობულეთის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის ეკო გუნდ „ბიოს“ ერთ-ერთმა წევრმა გამოგვიგზავნა საავტორო სტატია „ჩემი სოფელი“ ამ სტატიაში კარგად არის წარმოდგენილი სოფელ ლეღვას გეოგრაფიული მდებარეობა, დემოგრაფიული მაჩვენებელი, ეკოლოგიური პრობლემები... 

ჩემი სოფელი ლეღვა სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში ზღვის დონიდან 120 მეტრზე, ქალაქ ქობულეთიდან 14 კილომეტრში. იგი ქობულეთის რაიონში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სოფელია, რომელიც საინტერესო ისტორიით გამოირჩევა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2081 ადამიანი. 

ეს პრიმიტიული აღწერა ვერ შეძლებს გამოხატოს ამ დიდებული სოფლის წარსული, აწმყო და მომავალი. დედამიწის ზურგზე ყოველი ადგილი განსაკუთრებულია, მაგრამ ალბათ ვერცერთი შეძლებს შეგიცვალოს მშობლიური კუთხე. ჩემი სოფელი მართლაც განსაკუთრებულია და იცით რატომ? იგი ადგილია სადაც დაიბადა და გაიზარდა უამრავი გმირი, რომლებსაც ჩემი აზრით თითოეული ჩვენთაგანი უნდა ადიდებდეს. 

ეს სოფელი ადგილია სადაც თითოეული ადამიანი ერთი დიდი ოჯახის წევრია, ყველას ყველა უყვარს, აფასებს და ენდობა. სოფელი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ბუნებით, მოიპოვება რამდენიმე სახის მინერალური წყალი, არის უძველესი და უძვირფასესი არქიტექტურული ძეგლი წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, აღმოჩენილია ორიათას სამასი წლის წინანდელი რკინის სადნობი ქურა. 

მიუხედავად ამ ადგილის ასეთი გამორჩეულობისა სოფელს უამრავი პრობლემა აქვს რომელზეც გვერდის ავლა, ჩემი აზრით, უსამართლო და არასწორი იქნება. პირველი და უმთავრესი პრობლემა ეს დასუფთავების საკითხია, სოფლის ახალგაზრდა მცხოვრებნი (,,მწვანე გუშაგები“) აქტიურად ვცდილობთ მის აღმოფხვრას, თუმცა ეს ძალიან მცირედი და არასაკმარისია, მიუხედავად მცდელობისა ადამიანთა უმრავლესობამ დღემდე ვერ გაითავისა რომ ბუნება ჩვენი დედაა, რომ მისი დანაგვიანება ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ჩვენს ღირსებას და თავმოყვარეობას ლახავს. თითოეული ნარჩენი რომელიც გარემოში ხვდება ჩვენს სიცოცხლეს ამცირებს. 

ასევე ერთ–ერთი მთავარი პრობლება სიღარიბეა, მიუხედავად მთლიანობისა ამ პრობლემის აღმოფხვრა ჩვენი ძალებით აღმიფხვრა შეუძლებელია. ცხოვრება ხანმოკლეა და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ეცადოს გადადგას თუნდაც რამდენიმე ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ ამ ნაბიჯების გადადგმას და რამდენად მივაღწევთ მიზანს არ ვიცი თუმცა ,,ცდა ბედის მონახევრეა“.