თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა და სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის - „სიკვდილის ზონები საქართველოში“ ჩვენება.
მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობდნენ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების გამგეობების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს წყლის ობიექტებზე დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრობლემაზე და პრევენციის გზებზე.
კამპანია „იცურე მშვიდად“ წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
სექტემბრიდან კამპანიას „იცურე მშვიდად“ მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციების, დისკუსიების მოწყობა და ადვოკატირება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.