მარნეულის სოფელ მარადისის სკოლის ეკოკლუბმა სოფელ იმირისკენ მიმავალი გზა დაასუფთავა

მარნეულის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი განაგრძობს გარემოსდაცვით აქტივობებს. კლუბის წევრებმა ამჯერად დაასუფთავეს სოფელ იმირისკენ მიმავალი გზის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ გზის ამ მონაკვეთს ეკოკლუბი ყოველთვიურად ასუფთავებს, მოსახლეობა მაინც ყრის ნაგავს, რადგან ეს მონაკვეთი დაუსახლებელია. 

'როგორც ჩანს აქ მანქანით მოაქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და რადგან მათ ვერავინ დაინახავს და ამავე დროს საყვედურსაც ვერავინ ეტყვის, ნაგვის გადაყრაც ეადვილებათ. ამ გზით სარგებლობს კულარის, წითელსოფლისა და იმირის მოსახლეობა, ამდენად ძნელია გარკვევა იმისა თუ კონკრეტულად ვინ და როდის ყრის ნარჩენებს.

ამ სოფლებში ერთიანად 3000 კომლი ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, მარადისის საჯარო სკოლის კლუბი ვერ ახერხებს ყველა ადამიანამდე ინფორმაციის მიტანას, რათა მათ შეწყვიტონ იმირისკენ მიმავალი გზის დაბინძურება. ეკოკლუბმა გადაწყვიტა ბანერების დამზადება და ამ გზაზე განთავსება . იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა შეწყვეტს გარემოს დაბინძურებას" - ამბობს სოფელ მარადისის სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, თენგიზ შაინიძე.