სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა ლაშქრობისას ნანახი მცენარეებით ჰერბარიუმები გააკეთა

სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ბალდაში, სადაც მოსწავლეებმა ნახეს სამი ჩანჩქერი- კაღუ, ტობა და ონიორე. ეს ლაშქრობა საინტერესო იყო მათთვის უცნობი მცენარეული საფარის ხილვით.

მოსწავლეები პირველ რიგში გააკვირვა ხეებზე მოდებულმა ხავსმა, რომელიც კენწეროს წვდებოდა და სხვადასხვა სახეობის მცენარეებმა. მათ გააკეთეს ჰერბარიუმები და სკოლაში დაბრუნებულები მასწავლებელთან ერთად გამოიკვლევენ ამ მცენარეთა სახეობებს. 

ასევე, თვალშისაცემი იყო ბზის კორომები, რომელიც მასიურად გამხმარა. ჩანჩქერთან ნახეს ფაცხები, რომელთა მეპატრონეები ტურისტებს ემსახურებოდნენ და ამ მომსახურეობაში შედიოდა ჩანჩქერთან დაჭერილი კალმახის კერძების მომზადება. 

მოსწავლეებმა მათგან შეიტყვეს თუ რა თევზები ბინადრობენ იქ. ასევე, ისინი დაინტერესდნენ, თუ რა ფრინველები სჭარბობს ამ მხარეში და აღმოაჩინეს, რომ აქ ნაკლებად ვნახავთ გადამფრენ ფრინველებს. თუმცა ეს მხარე გამოირჩევა ცხოველების, განსაკუთრებით კი მგლის სიმრავლით. 

ლაშქრობის ერთ-ერთი აქტივობა იყო ბუნების ამსახველი ფოტოების გადაღება და სკოლაში გამოფენის გამართვა. ამ ფოტოებით მნახველებმა უნდა ნახონ, თუ როგორი მრავალფეროვანი ბუნებაა საქართველოში და რა სილამაზეს ინახავს ეს ქვეყანა. 

ამ აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში, ტყეების გონივრულ მართვაში და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.