ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა დღეს გუდამაყარში მცხოვრები მოხუცი მოინახულეს

ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა დღეს, 1 ოქტომბერს, უხუცეს ქალბატონს სოფო აფციაურ-ჩოხელისას ესტუმრნენ გუდამაყრის ხეობაში. 

სოფო ბებო ახლა 105 წლისაა და ბავშვების დანახვამ ძალიან გაახარა. ბებო თავის მიერ დაცხობილი ფხლოვანით გაუმასპინძლდა იმერეთიდან ჩასულ სტუმრებს. იმერეთიდან ბებოს საშემოდგომო ნობათი ყურძენი და ფელამუში, სხვა ხილიც მივაწოდეთ. სახლის უკან ბოსტანში ლობიო, ჭარხალი და სხვა ბოსტნეული ჩანდა. კარტოფილი უკვე აუღია ბებოს. 25 წლისა დაქვრივდა სოფო ჩოხელი. 80 წელია ერთგულად ემსახურება სოფელ ჩოხს, არ მიუტოვებია, არ გაუცივებია კერა. მხოლოდ ზამთრობით მიდის შვილთან რამდენიმე თვით, ზამთარი ფინთიაო და მარტო სიკვდილისა მეშინიაო. 

სოფო ბებო წუხს, რომ სოფელი დაიცალა. ყველა წავიდა, მხოლოდ თითო-ოროლა მოხუცია შემორჩენილი. აქ, მთის მკაცრ პირობებში, მარტომ გასწია ცხოვრების ჭაპანი. სუსტი სქესის მიუხედავად, ტოლი არასოდეს დაუდია მამაკაცებისათვის.