გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლის მოსწავლეები ზამთარში დარჩენილ ფრინველებზე ზრუნავენ

გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის წევრები ესტუმრნენ მათი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს და ისაუბრეს ზამთარში ჩვენთან დარჩენილი ფრინველების ყოფაზე. ეკოკლუბელებმა მათ შეახსენეს, რომ ფრინველების უმეტესობა ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებს, ზოგი ფრინველი კი ჩვენთან რჩება. მათ საკვების მოპოვება და სიცივესთან გამკლავება ძალიან უჭირთ. ზამთრის განმავლობაში ფრინველებისთვის საკვების მოპოვება დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ზამთარში ხომ მწერები დამალულები არიან, ხოლო ტყეში სხვადასხვა მცენარის ნაყოფი შეიძლება გაყინული იყოს. 

"ზამთარი განსაკუთრებით რთულია ფრინველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება, გავუკეთოთ სახლები და მოვუწყოთ საკვებურები. ამ საკვებურებზე შესაძლებელია დავდოთ წვრილ ნაჭრებად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი, სხვადასხვა სახის თესლები (მაგალითად, მზესუმზირა), გამომშრალი ხილის ნაყოფი (მაგალითად, ქიშმიში) და ასევე ცოცხალი საკვები (მაგალითად, მწერები, ჭიაყელები და სხვა)" - აუხსნეს უმცროს თანასკოლელებს ეკოკლუბელებმა.

მეშვიდეკლასელებმა სიამოვნებით მიიღეს შეთავაზება, დაამზადეს სახლები, ჩამოკიდეს სკოლის ეზოს ხეებზე და გადაწყვიტეს ზამთარში ფრინველებს მოუწყონ საკვებურები.