გორის N1 სკოლის მოსწავლეებმა კვერნაკის სერის ეკოლოგიური მდგომარეობა გამოიკვლიეს

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მონაწილე გორის # 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მოაწყვეს მცირე მასშტაბის ექსკურსია კვერნაკის სერის ჩრდილო ფერდობზე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსაკვლევად. ამ მიზნით მათ დაათვალიერეს ნახანძრალი (ხანძრის მიზეზები გაურკვეველია) ტერიტორია და შეხვდნენ აქ განლაგებული კოტეჯების მოსახლეობას (დევნილებს სამაჩაბლოდან). 

კეცხოველის წიგნის: "არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია" გმირებს, ნადარბაზევიდან კვერნაქის გზისკენ ხვდებოდათ: თელა, იფანი, მუხა, თამელი, ნეკერჩხალი, კუნელი, ძახველი, თხილი, უზანი. ამდენად ეკოკლუბის წევრების პირველი შეკითხვები ამ მცენარეთა შესახებ იყო. 

სამწუხაროდ, მოსახლეობის აზრით, არც ერთი აღარ გვხდება. სერი ძეძვნარითაა დაფარული. დიდ ტერიტორიას პერიფერიებში მაცხოვრებლები საძოვრად იყენებს. მოსახლეობა წელიწადის დროების შესაბამისად აგროვებს ველურ მარწყვს, სატაცურს, ასკილს. მცენარეულობას მოკლებული ფერდობები წვიმების დროს მცირე სელური ნაკადების წყარო ხდება, გზები ფუჭდება, სახლების ქვედა სართულები წყლით ივსება. კოტეჯების დასახლებიდან 10 წელი გავიდა, მიმდებარე მიწებზე ბოსტნები და ხეხილის ბაღებია გაშენებული. წელს პირველად ფრინველებიდან ოფოფებიც შენიშნეს.