გურიაში, ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე თაობისა" და დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "Nature"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით დაბა ნარუჯის საჯარო სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აქცია მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება ეტაპობრივად 2019 წლის გაზაფხულიდან კი საერთოდ აიკრძალება. ეკოკლუბების კოორდინატორებმა ერთობლივად აუხსნეს და მოუწოდეს მონაწილე ბავშვებს, რომ "ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ – არ დააბინძურონ გარემო, მით უფრო პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენებისგან“.
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლას, ლაითურის საჯარო სკოლაც სარგებლობს, ლაითურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო, აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება ორი სკოლის ჩართულობით ამიტომაც მოხდა. აქციაში მონაწილეობა ძირითადად უმცროსკლასელებმა მიიღეს. აქტივობა მიზნად ისახავდა თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავებას, ერთად საქმის კეთების გამოცდილებას, გარემოზე ზრუნვასა და ამ მხრივ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
ეკოკლუბები შეთანხმდნენ რომ, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც დაგეგმავენ და განახორციელებენ უკვე სხვა კლასებთან ერთად.