კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი „კომერსანტთან” საუბრისას ამბობს, რომ პირველადი შეფასებით, ჭუბერში განვითარებული სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მასობრივი ხე-ტყვის ჭრა უნდა მივიჩნიოთ. გეთიაშვილი აცხადებს, რომ დაზუსტებული მიზეზისთვის მოკვლევააა საჭირო.
მისი განცხადებით, ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ჭუბერში ტყეების ჭრა მასშტაბური იყო. გარდა ამისა, ეს კარგად ჩანს, სტიქიის ზონიდან გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც ვხედავთ, რომ მდინარეს ათასობით კუბური მეტრი ხე-ტყე მოაქვს, რომელიც სულაც არ არის სტიქიის მიერ მოთხილი ცოცხალი ბიომასა. ეს უფრო მოჭრილ ხე-ტყეს ჰგავს.
„შეიძლება ეს იყოს დასაწყობებული, ნაწილი შეიძლება იყოს მკვდარი ბიომასა, რომელიც ტყეში ხე-ტყის ჭრის შედეგად რჩება. ეს კადრებში კარგად ჩანს. ამასთან ერთად, გავრცელებულ ინფორმაციებში, ვიდეოებში ადგილობრივი მოსახლეობაც ხშირად ახსენებს სახერხებს, წაღებულ ათეულობით კუბურ მეტრ ხე-ტყეს, რომელსაც ფლობდა ერთი ოჯახი. ასე რომ, აქ ეს პრობლემა არის და ამის შესახებ იცის როგორც საზოგადოებამ, ისე ხელისუფლებამ,“-აცხადებს გეთიაშვილი.
მისივე განმარტებით, ზოგადად, სტიქიას მაპროვოცირებელი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს. ამიტომ, გეთიაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ტყის ჭრა ერთადერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი არ არის. პრობლემა კომპლექსურია, მათ შორისაა, ბუნებრივი ფაქტორები. შედეგად, განსაკუთრებით იმ ზონაში, სადაც ასეთი ფაქტორები მძლავრია, ტყეების დაცვა განსაკუთღებული სიფრთხილით უნდა მომხდარიყო.
გეთიაშვილის განცხადებით, ჭუბერში მზადდება სამასალე ხე-ტყე, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.
„ხე-ტყე განსაკუთრებით ინტენსიურად იჩეხებეოდა 2016 წლის ჩათვლით, როდესაც მასალის ტრანსპორტირებას წარმოშობის სერთიფიკატი არ სჭირდებოდა. უკვე მოგვიანებით ასეთი დოკუმენტის არსებობდა საჭირო გახდა, თუმცა, გამოინახა სხვა გზები და ხე-ტყის უკანონოჩეხვა კომერციული მიზნით ისევ აქტიურად გაგრძელდა.
კითხვაზე, მოსახლეობის მხრიდან ხე-ტყის ჩეხვის ხელშემწყობი იყო თუ არა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება? ამაზე გეთიაშვილს პასუხი არ აქვს. მისი თქმით, ეს მძიმე ბრალდებაა და ამას გამოძიება სჭირდება. სახელმწიფო ალბათ ხელს არ უწყობდა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჭუბერში უკანიონო ხე-ტყის ჭრის აღეკვეთა.
„როდესაც სახელწიფომ სცადა აღნიშნული პროცესისთვის ხელი შეეშალა, ამან ადგილობრივ მოსახლეობაში კონფლიქტი გამოიწვია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც მოსახლეობამ ზედამხედველობის სამსახურს არ მისცა საშუალება სამსახურეობრივი ფუნქცია შეესრულებინა,“-აღნიშნავს გეთიაშვილი.
მისი განცხადებით, სამასალე ხე-ტყის მასშტაბურ დამზადებასთან დაკავშირებით საქართველოში ცხელი წერტილები არის, თუმცა, ეს ქვეყნის ყველა ტერიტორიაზე არ ხდება. ამის მიზეზია ის, რომ ასეთი მასალა ქვეყანაში აღარ დარჩა.
„საბედნიეროდ, ჭუბერში და ბორჯომში ჯერ კიდევ არის სამასალე ხე-ტყე და სწორდ აქ მიმდინარეობს უფრო ინტენსიურად ჭრა. საქართველოს სხვა რეგიონებში კი ძირითად პრობლემად, ხე-ტყის ჩეხვა საშეშე დანიშნულებით რჩება.
„დრამატულია, რომ დაახლოებით 60-70 — პროცენტიანი ენერგო დეფიციტის გამო, მოსახლეობა იძულებულია მოჭრას ის ხე-ტყე, რომელიც იცავს მის სახლ-კარს, სოფელს. ხელისუფლება იძულებულია თვალი დახუჭოს ამაზე, რადგან ამ პროცესის აკრძალვა, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატიული ენერგეტიკული საშუალებები, ადამიანების სასიცოცხლო რესურსის გარეშე დატოვებას გამოიწვევს. საბოლოოდ კი, ეს სოფლები დაიცლება. ეს არის წლების განმავლობაში აღიარებული პრობლემა. იმის გამო, რომ ამას არ აქვს ერთიანი სისტემური გადაწყვეტილება და ამაში არ არის პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო ჩართული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ ხელს ვერ გავიშვერთ. ამ დროს შეშა უნდა მივიჩნიოთ, როგორც ენერგეტიკული, გათბობის საშუალება,“-აცხადებს გეთიაშვილი.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში შეშაზე არსებული მოთხოვნა წელიწადში 2.4 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. მაშინ, როდესაც კანონიერად, სახელმწიფო, წლიურად, მხოლოდ 600 000 კუბურ მეტრი ხე-ტყის გამოყოფას უზრუნველყოფს.
ჭუბერში ტყის უსისტემოდ ჭრა დაასახელა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად.
„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.
ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერმა აღნიშნა: „დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
წყარო: რადიო კომერსანტი