აცივებასთან ერთად მოსახლეობამ გათბობაზე ზრუნვა დაიწყო. ბუნებრივი გაზით გათბობა ჩოხატაურის უმეტესი სოფლებისთვის ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ჯერ ისევ ფუფუნებაა, შეშის გამოტანა კი კვლავინდებურად რთულია.
მოსახლეობამ შეშის მომარაგებაზე დაიწყო ზრუნვა, მაგრამ როგორც თავად აცხადებენ, ტყეში შეშის დამზადება არც თუ ადვილია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ სოფელში მცირე ტყეკაფი გამოიყო, რაც მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის. მოსახლეობა ამბობს, რომ იძულებულები არიან შეშა სხვა ტერიტორიიდან გამოიტანონ.
"სულ მცირე 200 ლარის ბენზინი გინდა ტყეში რომ წახვიდე. ამის საშუალება ყველას არ აქვს, განსაკუთრებით იმ ოჯახებს უჭირთ, რომლებიც პენსიით ცხოვრობენ. რაც გამოყოფილია ეს არ არის საკმარისი. გაზი ჩვენთან არაა და რით გავთბებთ ამ ზამთარში?“. - აცხადებს შუაგანახლებაში მცხოვრები, დურმიშხან დოლიძე.
შუაგანახლებისაგან განსხვავებით, სურებისა და ნაბეღალავის მოსახლეობას ტყემდე მისასვლელი მოუწესრიგებელი გზის პრობლემა აწუხებს, რის გამოც შეუძლებელი ხდებაშეშის დამზადება და გამოტანა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ისაა რომ მათ ზამთრისთვის 7 კუბამეტრი შეშა არ ჰყოფნით: "ჩემი ოჯახისთვის 7 კუბური შეშა საკმარისი არ არის. ყველაფერისთვის ღუმელს ვიყენებთ, გათბობა, საჭმლის მომზადება, წყლის გაცხელება. როგორ შეიძლება მოსაჭრელი შეშის ოდენობა ყველა რაიონზე ერთნაირად განსაზღვრო? მთავრობა გაზს პირდებოდა ყველა სოფელს და გაზი კი არა უშეშოთ გავიყინებით“. - აცხადებს ლია სიხარულიძე.