22 სექტემბერს აღინიშნება “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე”. დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "მწვანე თაობა" შეუერთდა აქციას, რომელიც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა თბილისსა და ბათუმში.
ეკოკლუბელებმა სიმბოლური ველოგარბენი გამართეს დაბის ტერიტორიაზე, რომელშიც მონაწილეობა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, საკუთარი ველოსიპედებით.ველორბოლაში 15 მოხალისე მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან. ამ სიმბოლური აქციით ,,მწვანე თაობის' წევრებმა შეეცადნენ მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის გარემოს დაცვა, რადგან ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი სწორედ, რომ ავტომობილებზე მოდის.
“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.
დღის მთავარი მოწოდებაა - მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.
ეკოკლუბ " მწვანე თაობის" წევრებმაც მოუწოდეს დაბის მოსახლეობას ველოსიპედებითა და ფეხით სიარულისკენ. ისინი თვლიან, რომ ამ დღის აღნიშვნით თავადაც მცირე წვლილი შეიტანეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში ეკო-კლუბელები იმედოვნებენ , რომ ველორბოლის გამართვა კიდევ ერთხელ დააფიქრებს მოსახლეობას და ხელს შეუწყობს ფეხით სიარულს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის და თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პოპულარიზაციას.