გორის N5 სკოლის მოსწავლეები შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდნენ

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის გუნდის წევრებმა მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის მხარის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან. მოსწავლეები დაინტერესდნენ გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურების მიერ რეგიონში მდგრადი განვითარების მიმართულებით დაგეგმილი იმ სამუშაოებით, რომლებშიც მოსწავლეები კონკურსის ფარგლებში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. 

მოსწავლეები გუბერნატორს ესაუბრნენ მათ მიერ დაგეგმილი აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრა ძალიან თბილ გარემოში წარიმართა. მოსწავლეთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ჩვენი ქალაქის მდგრადი განვითარების მიმართულებით ურბანული დაგეგმარების გადაწყვეტილების მიღებაში ქალაქის მოსახლეობის მეტი ჩართულობის შესახებ. 

როგორც გუბერნეტორმა მოსწავლეებთან საუბარში აღნიშნა, გორის უდიდესი ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების შემთხვევაში ჩვენს ქალაქს აქვს რეალური პერსპექტივა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად იქცეს. უახლოეს პერიოდში ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება ლომჭაბუკის ძეგლთან ახალი რეკრეაციული ზონის შექმნის, გორის ციხის და მიმდებარე გორის უძველესი ქუჩების გამწვანების და კეთილმოწყობის მიმართულებით. 

მოსწავლეების ინიციატივას, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქალაქის კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოებში ბატონი გიორგი დადებითად შეხვდა, სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა სკოლის გუნდის მიმართ და წარმატება უსურვა კეცხოველის კონკურსში.