"თუ ეს პროცესი კიდევ 15 წელი გაგრძელდა, მაშინ ბორჯომ-ხარაგულში ტყე საერთოდ აღარ იქნება"
ელზა წიკლაური, გაზეთი "რეზონანსი"
საქართველოში ბევრია ადგილი, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი
აღარაფერია; არის ტყეები, სადაც მხოლოდ მკვდარი ხეებია;
ტერიტორიები, სადაც ტყის ზოლი მთლიანად დეგრადირებულია. მარტო
ბორჯომ-ხარაგაული ტყეში ბოლო 15 წელიწადში მერქნული რესურსი 2
მლნ კბ_მ-ითაა შემცირებული, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.
სპეციალისტების თქმით, დეგრადირებული ტყის აღდგენა,
პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მცხეთა-მთიანეთი, სვანეთი, აჭარა, გურია - საქართველოს
ყველა რეგიონში ტყის მასივები განადგურებულია. 22 წლის
წინანდელი მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 2,7 მილიონი
ჰექტარი (38%) ტყით იყო დაფარული. მართალია, ბოლო პერიოდში ტყის
სრული ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, მაგრამ გარემოსდამცველების
მტკიცებით, ტყის საფარი გაუთავებელი ექსპლოატაციის საგრძნობლად
არის შემცირებული. იმ ტყეებში, სადაც მანქანა შედის, ხე თითქმის
აღარაა დარჩენილი. ეს დიდ საფრთხეს უქმნის იმ სოფლებს, რომლებიც
მსგავს ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.
ერთ-ერთი ასეთი სოფელია, ბულაჩაური. კავკასიის
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დასკვნით,
შეშამ ბულაჩაურში შემორჩენილი ტყეც შეიწირა და ახალი ტყეკაფვის
გამოყოფამ სამ თვეში ულამაზესი ტყის მასივი გაანადგურა.
უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში, ბულაჩაურის
საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ტერიტორიის მნიშვნელოვანი
ნაწილი, სოფლის ზემოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე მდებარე
საკმაოდ ციცაბოდ დახრილი ფერდობიდან მოვარდნილი ღვარცოფული
ნაკადის გააქტიურების რისკის ზონაში აღმოჩნდა. უკვე დაინგრა
ან ძლიერ დაზიანდა რამოდენიმე სახლი, ღვარცოფული ნალექების
მძლავრი ფენით დაიფარა გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. პროცესი
მუდმივ ხასიათს იძენს და სტიქიის მასშტაბი ყოველწლიურად
იზრდება. სპეციალისტთა მტკიცებით, ბულაჩაურში განვითარებული
მოვლენები პირდაპირ უკავშირდება ტყის გაჩეხვას.
"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ უბანზე, უკანასკნელი 3
წლის განმავლობაში, ტყეკაფი გამოყოფილი არ ყოფილა, შეშის
გამოტანას ბოლო დრომდე თავად ადგილობრივი მოსახლეობა
ინტენსიურად ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბულაჩაურელები
კარგად აცნობიერებდნენ ამ საქმიანობის პირდაპირ კავშირს სოფელში
განვითარებულ ბუნებრივ კატასტროფასთან ისინი იძულებულნი იყვნენ
ტყის კაფვა გაეგრძელებინათ.
პრობლემის გადასაჭრელად ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წლეულს
ახალი ტყეკაფი გამოყო და 2-კილომეტრიანი სატყეო გზა შეიყვანა.
ეს ცალსახად ამცირებს წნეხს ტყის უკვე დეგრადირებულ უბნებზე,
მაგრამ ქმნის ტყის აქამდე დაცული მონაკვეთის დეგრადაციის
საფრთხეს. ამან კი, შესაძლოა, ბუნებრივი კატასტროფების ახალი
კერის წარმოქმნა განაპირობოს", - ცხადებენ CENN-ში.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, რევაზ გეთიაშვილის თქმით, ამ
დროისთვის სოფლის მოსახლეობის შეშით სოფლის მხოლოდ 40%-ია
უზრუნველყოფილი. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა მთლიანად შეუდგება
ტყეკაფის გამოყენება, ბულაჩაურში ტყის ახალი მონაკვეთიც
მთლიანად განადგურდება.
"ეს არის ერთი სოფლის მაგალითი, რომელიც ზოგადად აჩევნებს
იმას თუ რა მდგომარეობაა ქვეყნის სხვა რეგიონებში. სატყეო
სააგენტო ყოველწლიურად ტყეკაფისთვის გამოყოფს 500 000 კბ_მ,
მაგრამ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობას სჭირდება
წლიურად 2,5 მლნ კბ_მ შეშა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5-ჯერ მეტი
საშეშე რესურსის გამოყენება ხდება, ვიდრე გამოყოფილია.
ამ ციფრებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია თუ რა
სიტუაციაშია საქართველოს ტყეები. ჩვენ გვაქვს შეშის სერიოზული
დეფიციტი და ამას მიხედვა სჭირდება. გაცილების ნაკლები რესურსია
ტყეში, ვიდრე არსებობს მოთხოვნა. რეგიონებში მოსახლეობის 90-95%
გასათბობად შეშას იყენებს. შეშის მომხმარებლების
რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ბუნებრივი აირისა
და დენის მომხმარებელების რაოდენობას ერთად აღებულს", -
განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რევაზ გეთიაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ტყეს, ძირითადად, სოციალური
დატვირთვა აქვს და მოსახლეობა მოჭრილ ხეებს მხოლოდ სათბობად
იყენებს. ამ ყველაფრის ფონზე გადასახედი და შესაცვლელია
რეგიონების სათბობი რესურსით უზრუნველყოფის საკითხი.
"იმ სოფლებშიც კი, სადაც გაზია შეყვანილი, მოსახლეობა მაინც
შეშით თბება. ისეთი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რომ არა მარტო
შეიქმნას ალტერნატივა, არამედ იგი იყოს ხელმისაწვდომი. ამაში
ყველა სათბობი რესურსი უნდა იყოს განეხილული, მათ შორის,
ქვანახშირიც, რომელიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია", - განაცხადა
გეთიაშვილმა.
კონკრეტული მონაცემი, თუ რა რაოდენობით ტყის მასივის
გაჩეხვა მოხდა როგორც სათბობად, ასევე სამშენებლო
სამუშაოებისთვის, CENN-ს არ გააჩნია. ტყის სრული ინვენტარიზაცის
ჯერჯერობით მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულშია ჩატარებული, რომლის
შედეგებიც საკმაოდ საგანგაშოა.
"არ ჩატარებულა ხე-ტყის ინვენტარიზაცია. თანაც, ამ
მონაცემის მოსაღებად აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჭრა კანონიერად
მიმდინარეობდეს და არა უკნონოდ. წლების განმავლობაში კი ჩვენთან
ტყეს მასშტაბურად უკანონოდ ჭრიდნენ.
ერთადერთი, სადაც ინვენტარიზაცია ჩატარდა, ესაა
ბორჯომ-ხარაგაული. 2000 წელთან შედარებით 2015 წელს
ბორჯომ-ხარაგაულში მერქნული რესურსის დანაკლისი 2 მლნ კბ_მ-ზე
მეტია. ეს ნიშნავს, რომ ტყე მთელი თავისი თვითაღდგენისა და
განახლების უნარით კატასტროფულ მდგომარეობაშია. თუ ეს პროცესი
კიდევ 15 წელი გაგრძელდა, მაშინ იქ ტყე საერთოდ აღარ იქნება", -
განაცხადა გეთიაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით კი, 2013-15 წლებში
განხორციელებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სრულად
აღდგა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის
შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის პირველი პრიორიტეტული
მონაკვეთი - 80 ჰა. გაეროს განვითარების პროგრამის, ფინეთისა და
ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით დაირგო 250 000-მდე სხვადასხვა
სახეობის ნერგი. გაშენებული ფართობების ინტენსიური მოვლის
შედეგად გახარებულია დარგული ნერგების 70%-ზე მეტი.
"აღდგა ტყის დროებითი სანერგეების (მათ შორის, სასკოლო
სანერგეების - სადაც ბავშვები იღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ
უნარ-ჩვევებს) მოწყობის ტრადიცია. 5 რეგიონში (კახეთი, იმერეთი,
მცხეთა-მთიანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი) მოეწყო ტყის დროებითი
სანერგეები, მათ შორის, 4 წითელი ნუსხით დაცული სახეობისთვის და
სწრაფმზარდი სახეობის (აკაცია) პლანტაციის გაშენების
უზრუნველსაყოფად. სანერგეებიდან მიიღება 500 000-მდე ნერგი.
განხორციელდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები
ბორჯომში "პლატოს" ტერიტორიაზე.
2016 წელს დაგეგმილია ნახანძრალი ტერიტორიის 50 ჰა ფართობის
აღდგენა, ხოლო 2013-15 წლებში გაშენებული ნარგავების მოვლა (80
ჰა). გარდა ამისა, დეგრადირებული ტყის აღდგენა 10 ჰა-ზე და
დამატებით 4,5 ჰა-ზე. პარალელურად ტყის დროებითი სანერგეების
მოწყობა 8 რეგიონში", - აცხადებენ სააგენტოში.
მართალია, ალაგ-ალაგ ტყის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს,
თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ
ტყემ ძველი სახე დაიბრუნოს.
"იმისათვის, რომ დეგრადირებული ტყე აღდგეს, ძალიან დიდი
რესურსია საჭირო. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ერთ მშვენიერ
დღეს ჩვენი სახელმწიფო ამის აღდგენას შეძლებს", - აღნიშნა
"ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას რევაზ გეთიაშვილმა.