დასუფთავების მსოფლიო დღე სენაკელმა მოსწავლეებმა აფხაზეთიდან დევნილ თანატოლებთან ერთად აღნიშნეს

15 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღე აღინიშნება. სენაკის ალექსი შუშიანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიაც შეუერთდა ამ აქციას და მოაწყო მასშტაბური დასუფთავება. აქციის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა იყო. 

ამ საქმეს სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, შემოუერთდნენ სკოლა-გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები დევნილთა დასახლებიდან. აქტივობები რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა. გადაწყდა მოეწყოთ აქცია პერფორმანსით. დასუფთავებისას მოსწავლეები თუნუქისა და პლასტმასის ქილებს და პოლიეთილენის პარკებს კინძავდნენ თოკზე, რომლისგანაც გამოწვეული ხმაურის თანხლებით გადაადგილდებოდნენ ქალაქის ქუჩებში. 

დასუფთავდა ქალაქის რამდენიმე ადგილი. აქცია დაიწყო სკოლა-გიმნაზიის შვილობილი ტერიტორიიდან - შხეფის ციხიდან. შემდეგ გადაინაცვლეს უშუალოდ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც დასუფთავება გაგრძელდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. გადაადგილებისას მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსფარანტები, რომლებზეც იყო მოწოდება მოქალაქეებისადმი, დაეცვათ გარემო. დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. ამ აქციით გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში.