სამეგრელში მოსწავლეებმა რეინჯერებთან ერთად, 2008 წლის ომის დროს დაბომბილი ადგილები მოინახულეს

სამეგრელოში, სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ტყის მცველნი“, ხამისქურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკოპატრიოტებთან“ ერთად ურთის მთა დალაშქრა. ლაშქრობის დაგეგმვის ერთ-ერთ და მთავარ მიზეზს წარმოადგენდა იმ ტერიტორიების მონახულება რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომისას დაიბომბა.

"ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვახსოვდეს ის მძიმე დღეები, რომელიც ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს დღეებში გამოიარა. სოფელ ხეთიდან ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა აგვისტოს ომმა. გარდა ორი ახალგაზრდა სიცოცხლის დაღუპვის გამო გადატანილი ტკივილისა, ჩვენმა სოფლებმა აგვისტოს დღეებში უშუალოდ გადაიტანა ომის მთელი საშინელება. აფხაზეთიდან დაუსრულებელ ნაკადად მოედინებოდა რუსული ტანკების კოლონა, ცხრა აგვისტოს კი დილაუთენია თვრითმფრინავების ხმამ გააღვიძა მოსახლეობა, დაბომბეს ურთის მთაზე განთავსებული საწვრთნელი ბაზა. მშვიდობა ფასდაუდებელი რამაა და ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მსგავსი საშინელება აღარ განმეორდეს, უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ის დღეები, რადგან, აგვისტოს ომი არ არის მხოლოდ ისტორია, ის ადამიანების ცხოვრებაა, ადამიანებისა რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.“ -ამბობენ ეკოკლუბელები.

მოსწავლეები ერთმანეთს სოფელ ხამისქურის ცენტრში შეხვდნენ, საიდანაც მათ მეგზურობა მეტყევეებმა: ირაკლი კანკიამ და ლევან ქირიამ გაუწიეს. ურთის მთა კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარე მთაა, რომლის უმაღლესი მწვერვალი ჯეგეთაა (სიმაღლე 446 მ.), სწორედ აქ მდებარე ტაძარი და სამხედროების მიერ განთავსებული ჯვარი წარმოადგენდა ბოლო დანიშნულების პუნქტს ეკოკლუბელებისთვის. ჯგუფი სოფლის ცენტრიდან ჩრდილოეთით გაემართა, მოსახლეობის დასრულებიდან მალევე მათი ყურადღება უთხოვარის ხეებმა მიიქცია, შემდგომ კი კორპის ხეებმა, რომლებიც გასული საუკუნის ოციან წლებში მოსახლეობამ თავად გააშენა. 

სალოცავთან მისულმა მოსწავლეებმა, საინტერესო და სასიხარულო ინფორმაცია შეიტყვეს, მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია არქეოლოგიური გათხრები. ისინი გაესაუბრნენ მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელ არქეოლოგს, მიიღეს ინფორმაცია ამ დროის აღმოჩენების შესახებ და თავადაც ჩაერთვნენ პროცესში. აქვე მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოგონებები აგვისტოს ომის შესახებ. აქტივობა ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 და მე-17 მიზნებს.