სენაკელი მოსწავლეები შშმ პირების გადასასვლელი პანდუსების გაკეთებას ითხოვენ

10 სექტემბერს, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობისსკოლა-გიმნაზიის გუნდმა ECO-R მოაწყო აქცია - "როგორ მოვიდე შენთან“. აქციაში ECO-R-თან ერთად მონაწილეობა მიიღო სენაკის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მამაუკა კუჭავას ხელმძღვანელობით. 

სენაკში თითქმის არც ერთ საჯარო თუ კერძო დაწესებულებას არ აქვს პანდუსი, რაც პრობლემას უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებაში. აქციის მიზანიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეებმა ყველა დაწესებულების წინ გამოაკრეს სტიკერები წარწერით - "როგორ მოვიდე შენთან" და "იცოდე შენი ადგილი“. 

მეორე სტიკერი დამზადდა მანქანების სადგომებისთვის, რადგან სადგომზე უნდა იყოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომლითაც ისარგებლებენ შშმ პირები. სამწუხაროდ სულ რამდენიმე ადგილი იპოვეს მოსწავლეებმა მსგავსი მანიშნებლებით, თუმცა ისიც დაკავებული იყო ავტომობილებით. 

აქციაში, აღნიშნულ სკოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სენაკში არსებულმა ,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ - ლაზარე 2015“-ის აღასაზრდელებმა. ამ აქტივობით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების მე-9 მიზანს, რაც მდგომარეობს მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაში, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობაში.