საქართველოში ტყის ფართობს აღრიცხავენ

ტყის აღრიცხვის ფარგლებში ჩატარდება საველე სამუშაოები, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ თქვა.

„გერმანულ მხარესთან შეთანხმება ეხება ტყის ეროვნული აღრიცხვის პროექტს. 2017 წელს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს გამოუყო 5.4 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი, რომელიც სატყეო მიმართულებას მოხმარდება. ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ტყის ეროვნული აღრიცხვა. ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის საველე სამუშაოები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 580 000 ღირებულების ტენდერის გამოცხადება, ტყის აღრიცხვის მიზნით კი ჩატარდება საველე სამუშაოები“, - განახცადა კერესელიძემ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით ტყე არის ტერიტორია 0,5 ჰა-ზე მეტი ფართობით, სადაც არსებულ ხეთა ვარჯების პროექციათა ჯამი შეადგენს შესაბამისი ფართობის 10 %-ზე მეტს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3007.6 ათას ჰექტარი იყო, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 43.2%.