შსს: სამცხე–ჯავახეთში ხანძრის 20 –დან 12 შემთხვევაში ცეცხლი ხელოვნურად არ გაჩენილა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, ნახანძრალ ადგილებში კომპლექსური ექსპერტიზა უკვე დასრულდა. სწორედ ამ ექსპერტიზების დასკვნების მიხედვით ირკვევა, რომ 12 ფაქტზე ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ნიშნები არ იკვეთება: „დენთის ან ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩენილა“. 

ამ დროისათვის რეგიონში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ძიება 8 ფაქტზე ისევ მიმდინარეობს და ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არავინაა. შსს–ს ინფორმაციით საერთო ჯამში მოწმის სახით 150–ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. გასულ წელს, სამცხე–ჯავახეთში აგვისტო–სექტემბერში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ძიება სსკ–ს 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სამცხე–ჯავახეთში ხანძარი ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენის ტყეებში გაჩნდა, აქედან ყველაზე მასშტაბური ბორჯომის შემოგარენში გაჩენილი ხანძარი იყო, რა დროსაც 943 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ძიება უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.