სენაკელი მოსწავლეების "მწვანე არდადეგები"

არდადეგები სრულდება და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიაგუნდი ECO-R იწყებს აქტივობების განხორციელებას. 31 აგვისტოს სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა საქართველოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეკოლოგიური განათლების კოორდინატორი -- გია თოდუა. შეხვედრაზე, ეკოკლუბთან ერთად განიხილეს სამომავლო გეგმები, რომელთა შორის განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

ბატონმა გიამ ვრცლად ისაუბრა ისეთ გლობალურ პრობლემაზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება. მისი თქმით გარემოზე ზრუნვა თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი ეზოდან, ქუჩიდან და თუ ყველა სიფრთხილით მოექცევა გარემოს, პრობლემა გლობალურიც აღარ იქნება. თუმცა, სამწუხაროდ ამის მიზეზი არის ის, რომ სოციუმის ცნობიერება აღნიშნული საკითხისადმი ძალიან დაბალია. მან ურჩია მოსწავლეებს დაეგეგმათ ისეთი აქტივობები, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ. 

საუბარი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში და კლუბის წევრებმა სტუმართან ერთად შეადგინეს სქემა, თუ რა გზით შეიძლება გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა. დაისვა უამრავი კითხვა მოსწავლეების მხრიდან და 16 სექტემბრისთვის, როდესაც აღინიშნება მსოფლიო დასუფთავების დღე, დაიგეგმა ძალიან საინტერესო აქცია, რომლის განხორციელება ბატონმა გიამ მიანდო კლუბის წევრებს. შემდეგ კი სტუმარმა მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი ,,ნაგავსაყრელი“, რომელშიც მოთხრობილია სიმართლე იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას ნაგავსაყრელები. ფილმის დასრულების შემდეგ მოხდა პრობლემის განხილვა. აღნიშნული ლექციით ეკო კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში.