თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიღმის ტყეპარკში ხეები "უბრალოდ" მოინიშნა

5 ნოემბერს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით გამცნეთ, რომ უკანონოდ გასხვისებულ და სტატუსშეცვლილ ტერიტორიაზე, დიღმის ტყეპარკში, ხეები მოინიშნა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ამ ხეების მოჭრაზე ნებართვა უნდა ყოფილიყო გაცემული. დედაქალაქის მერი აღნიშნულს უარყოფდა, თუმცა, ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გადაღებული  ვიდოეკადრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. იხილეთ ვიდეო: .. https://www.youtube.com/watch?v=hQItr43w0hY აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, CENN–მა თბილისის მერიაში წერილი გააგზავნა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან განმარტება მოითხოვა თუ რატომ მოინიშნა ხეები და იგეგმებოდა თუ არა მონიშნული ხეების მოჭრა. ექვს დღეში პასუხიც მოვიდა, თუმცა რამდენად დამაკმაყოფილებელია ეს პასუხი, მოდით მკითხველმა განსაჯოს. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტური საჯარო მმართველობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსის, ილია გელაშვილის მიერ მოწერილ წერილში ვკიხულობთ: "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, თქვენი 2015 წლის 5 ნოემბერის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული სამსახურის მიერ დიღმის ტყე–პარკის ტერიტორაზე ხეების მოჭრის ნებართვა გაცემული არ არის. რაც შეეხება წერილში მითითებულ ტყე–პარკის ტერიტორიაზე გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე ხეების დანომრვას, ზედამხედველობოს საქალაქო სამსახურის მიერ შემოწმებული იქნა ტერიტორია და მათი განმარტებით, მართალია დანომრილია ხეები კერძო საკუთრებაში, მაგრამ აღნიშნულის შედეგად ხეები არ დაზიანებულა". ჩვენ დავუკავშირდით სატყეო სფეროს ექსპერტებს და მათთან კონსულტაციების შედეგად ნათელი გახდა, რომ ხეების "უბრალოდ" მონიშვნა არასოდეს ხდება და ეს მეთოდი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ხეების მოჭრააა გადაწყვეტილი. შესაბამისად , ამ ამბის მთელი აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ მერიის პასუხს თუ დავეყრდნობით, დიღმის ტყეპარკში ხეები "სხვათა შორის" მოინიშნა და საუკეთესო შემთხვევაში გაუგებარია და საინტერესოა ვის და რაში დასჭირდა მსგავსი ცრუ საქმიანობა? რეალურად კი, ამ კითხვაზე პასუხი ყველასათვის ნათელია – დიღმის ტყეპარკი საფრთხეშია!

2 3

დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე

4