საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შეშის ყველაზე დიდი მომხმარებელი საჯარო სკოლებია, რაც, ტყეებზე გაზრდილ ზეწოლასთან ერთად, სწავლის ცუდ პირობებს და არალეგალური ჭრების რისკებს უკავშირდება.
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული შეშის დიდი ნაწილი გაურკვეველი წარმოშობისაა, რადგან შეშის მიმწოდებლები თითქმის არ სარგებლობენ სოციალური ჭრის ტყეკაფებით, ალტერნატიული რესურსი კი ძალიან მცირეა.
2015-2016 წლების ზამთრის სეზონისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ მოთხოვნილი შეშის მოცულობა 5,067 მ³-მდეა.
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ რეგიონის ექვს სატყეო უბანში სოციალური ჭრისთვის გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის ათვისება 2015 წლის 1 ნოემბრისთვის 779. 9 მ³-ს შეადგენს, რა, სატყეო უბნების მიხედვით, ასეთია:
- წალენჯიხის სატყეო უბანი - 94 მ³;
- ჩხოროწყუს სატყეო უბანი - 46 მ³;
- კოლხეთის სატყეო უბანი - 290 მ³;
- ხაიშის სატყეო უბანი - 0;
- მესტიის სატყეო უბანი - 349.9 მ³.
სატყეო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, სოციალური ჭრის ტყეკაფებით არ უსარგებლია ხობის, ზუგდიდის და მარტვილის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. თუმცა საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მიღებული ინფორმაციით, სკოლების ნაწილს უკვე შესყიდული აქვს შეშის საჭირო მარაგი ნაწილობრივ ან მთლიანად.
მეტყევეების განმარტებით, სატყეო სამსახური ტყეკაფების გამოყოფის დროს ითვალისწინებს საჯარო სკოლების მიერ საშეშე მერქანზე წარდგენილ მოთხოვნას. თუმცა, როგორც წარმოდგენილი სტატისტიკიდან ირკვევა, სკოლებმა შეშის მოთხოვნილი მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილს ითვისებენ (დღისათვის ეს მაჩვენებელი 15 %-ია).
შესაძლებელია, სკოლების მოსამარაგებლად შეშა საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრებოდეს, რაზეც ნებართვას საკრებულო გასცემს. შესაბამისი დოკუმენტაცია თვითმმართველობებიდან CENN-მა გასულ წელს გამოითხოვა. თუმცა, საკარმიდამო ნაკვეთებში ლეგალურად მოჭრილი შეშის რაოდენობა, საჯარო სკოლების მოთხოვნასთან შედარებით, ძალიან მცირე აღმოჩნდა.
არალეგალური ჭრების რისკებს სკოლების შეშით უზრუნველყოფის გამარტივებული პროცედურაც მოიცავს. სკოლის გათბობისთვის საჭირო შეშის ღირებულება 5,000 ლარზე ნაკლებია. სკოლები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ინდივიდუალურად შეისყიდიან შეშას მიმწოდებლებისგან, ელექტრონული ტენდერის გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. შეშის მიმწოდებლები კი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხშირად ერთია და წლობით არ იცვლება.
შეშის მონიტორინგი ხორციელდება CENN-ის მიერ, „ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)“ ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა ფინანსდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მიერ“.
იხილეთ იგივე თემაზე საინფორმაციო სააგენტო "ინტეპრესნიუსის" გვერდზე განთავსებული ტექსტის ბმული: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/354595-cenn-sabiujeto-organizaciebidan-sheshis-yvelaze-didi-momkhmarebeli-sajaro-skolebia.html