ძლიერი სეტყვა კახეთში. ახმეტაში წაქცეულია ხეები

ძლიერმა სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ქისტაურში, ახშანსა და მატანში ვენახების დიდი ნაწილი და ერთწლიანი კულტურები თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივების თქმით, სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს, რამაც ღვარცობი გამოიწვია.

ახმეტაში წაქცეულია ხეები, ადგილობრივებს ელექტორენერგია არ მიეწოდებოდათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ​ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ იკლო - მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც.

​ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.