სენაკელი მოსწავლეები შხეფის ციხეზე და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე ზრუნავენ

ნიკო კეცხოველის პრემია 2019-ის ფარგლებში, სენაკში მდებარე წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზია ჩაერთო კამპანიაში "გარემოს გულისთვის“, რომელიც ხორციელდება პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II–ის ფარგლებში CENN-ის მიერ და მხარს უჭერს USAID. 

კამპანიის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიამ მზრუნველობის ქვეშ აიყვანა შხეფის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეს კი გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ხეების დარგვას, ტერიტორიაზე სისუფთავის მონიტორინგსა და დაბინძურების პრევენციის მიზნით საინფორმაციო ბანერის განთავსებას. 14 აგვისტოს მოხდა აღნიშნული ბანერის დამონტაჟება, ხოლო შაბათს, 18 აგვისტოს დაგეგმილია დასუფთავების აქცია, რომელშიც სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რეგიონული კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში - მაია კოდუა და მოსწავლეები სამეგრელოს სხვადასხვა სკოლებიდან. ასევე, ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. 

შხეფის ციხის ტერიტორიის იდენტიფიცირებას წინ უძღოდა მთელი რიგი მოვლენები. ,,ECO-R”-ის წევრებმა თავდაპირველად შეარჩიეს საკმაოდ ხალხმრავალი ტერიტორია სენაკის მუნიციპალიტეტში- დედამოკა. ეს ადგილი გამოირჩევა გოგირდის წყლების სიმრავლით, ასევე, მდინარე ტეხურის სანაპიროთი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას ფლობს კერძო კომპანია, რამაც სირთულეები შექმნა აღნიშული ადგილის იდენტიფიცირებისას. 

"გულსატკენია, როდესაც ასეთი მნიშვნელობის მქონე ობიექტი არის უმოქმედო და დაბინძურებული. სენაკის მერიას არ აქვს უფლება იქ რაიმე აქტივობის ჩატარების, ხოლო მფლობელი კოპანია კი არც თუ დიდ ყურადღებას იჩენს ამ ტერიტორიის მიმართ" - ამბობენ სენაკელი მოსწავლეები.

აქედან გამომდინარე, გუნდის წევრებმა კამპანიისთვის შეარჩიეს სხვა ტერიტორია, რომელიც არანაკლები მნიშვნელობისაა - ისტორიული შხეფის ციხე. ციხეს სტუმრობენ ლაშქრობის მოყვარულები და სკოლები. ტარდება პროექტ-გაკვეთილები. თუმცა, სამწუხაროდ სტუმრები ხშირად აბინძურებენ მიმდებარე ტერიტორიას. 

ECO-R-მა მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ შეარჩიეს კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას. სენაკის მერისგან მათ მიიღეს სრული მხარდაჭერა, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კოორდინატორს, მაია კოდუას და სთხოვეს დახმარება კამპანიაში ჩასართავად. 

ტერიტორიის იდენტიფიცირების შემდეგ, CENN–ის დახმარებით, დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერი. ხოლო, 18 აგვისტოს შხეფის ციხეს ეწვევიან სამეგრელოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მხარის კოორდინატორთან ერთად. დასუფთავებას საჭირო ატრიბუტებით უზრუნველყოფს CENN. აღნიშნული კამპანია ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გარემოსადმი პასუხიმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და ჩამოუყალიბებს უნარს, დაიცვან და იზრუნონ გარემოზე და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ სხვადასხვა მწვანე აქტივობები.