"არ უნდა გაჩნდეს წარმოდგენა, რომ სვანეთში ტყის ჭრას სრულად ვაჩერებთ"

მთავრობა ახალი სატყეო კოდექსის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, კოდექსი საქართველოში სატყეო მეურნეობების მართვის პრინციპებს დაარეგულირებს, რაც დიდი ხანია მოშლილია. 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე, საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ პარლამენტის მხარდაჭერას და საქართველოსი შეიქმნება ახალი საკანონმდებლო სივრცე იმისთვის, რომ ტყის მეურნეობა აღვადგინოთ ქვეყანაში, რაც ერთ დროს იყო და დღეს ფაქტიურად მოშლილია. 

ტყის კოდექსი საკანონმდებლო საფუძველია იმის, რომ კონკრეტულად ვიმსჯელოთ, როგორ მივიდეთ იქამდე, რომ ტყეები მდგრადი მართვის პრინციპებით იმართოს. რას ნიშნავს ეს? საქართველოში ტყეებს აქვს განახლების ძალიან დიდი პოტენციალი, მითუმეტეს სვანეთი არის რეგიონი სადაც ქვეყანას გააჩნია ტყის რესურსი, რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, როცა უკანონო ჭრაზეა საუბარი, აქ ხდება იმ რესურსის ამოღება, რომელიც არ უნდა ამოვიღოთ. შესაბამისად, ეკოლოგიური მდგომარეობა ტყეში უარესდება, ხარისხობრივად დეგრადაციას ვიღებთ ტყეში, იმის სანაცვლოდ, რომ სანიტარული მიზნებისთვის მოვჭრათ ის, რაც უნდა მოიჭრას და ტყეს განვითარების და ჯანსაღი ზრდის საშუალება მივცეთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

როგორც მინისტრი განმარტავს, ახალი რეგულაციების შემოღება არ გულისხმობს იმას, რომ თუნდაც სვანეთში ტყის ჭრა საერთოდ აიკრძალოს და მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩეს. 

"ტყის მართვა, რა თქმა უნდა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, როგორც ტყის მართვის ორგანომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის გარეშე უნდა მოხდეს ეს, ბუნებრივია მოსახლეობა უნდა დასაქმდეს და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი ტყეში ლეგალურად უნდა მუშაობდეს. ანუ, არ უნდა გაჩნდეს წარმოდგენა, რომ სვანეთში ტყის ჭრას საერთოდ ვაჩერებთ და მოსახლეობას ყველანაირი შესაძლებლობის გარეშე ვტოვებთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომავალში უფრო გამართული სისტემა გვქონდეს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.