ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება

სოფელ ბენარასთან, გზის ორივე მხარეს ფიჭვის ხეები ხმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმობის მიზეზი არ იციან და ვერც ხეებს შველიან.

„ფიჭვის ხეები წითლდება, წიწვები მთლიანად უხმება. შეიძლება მავნებელი გაუჩნდა, ჩვენ ვერაფრით ვშველით“, – ამბობს სოფელ ბენარაში მცხოვრები ნანა ზედგინიძე.

ამავე სოფელში მცხოვრები გოჩა ბლუაშვილი ამბობს, რომ ხეები ადიგენში სხვა სოფლებშიც ხმება : „ახალციხიდან მომავალ გზაზე სულ უფრო ხშირად მხვდება გამხმარი ხეები, ძირითადად ფიჭვები. მარტო ბენარაში არაა ასე. ადიგენში თავს ტყით და ბუნებით ვიწონებთ, ესეც თუ აღარ გვქონდა აქ რა გაგვაჩერებს“. 

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი შესაწვლილი აქვთ, თუმცა აქ მავნებლები არ ფიქსირდება და ხეების ხმობის მიზეზების დადგენას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. 

„ზოგადად, სამცხე–ჯავახეთში ტყეების შესწავლისას დიდი მებაღის და მცირე მებაღის არსებობა დადასტურდა, თუმცა, ხეების ხმობას მხოლოდ მავნებლების ზეგავლენას ვერ დავაბრალებ. ჩემი პირადი აზრია, რომ ფიჭვები სხვა მიზეზით ხმება, რომელსაც გლობალური შესწავლა სჭირდება. როცა, საბოლოო დასკვნა გვექნება შევძლებთ გარკვეული ზომების მიღებას“, – ამბობს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გიორგი მამადაშვილი. 

ეროვნულ სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ 13 აგვისტოს სამცხე–ჯავახეთში სატყეო სააგენტოს სპეციალური ჯგუფი ჩამოვა და სხვადასხვა ადგილზე ტყის ხმობის ფაქტებს კიდევ ერთხელ შეისწავლის.

ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება

ხეები ხმება ახალციხის და ბორჯომის სოფლებშიც. ამის შესახებ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ „სამხრეთის კარიბჭედან“ მაისში შეიტყო და ხეების შესწავლა დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფიჭვის და ნაძვის ხეებს მავნებლები: მბეჭდავი ქერქიჭამია, ასევე დიდი და პატარა მებაღე ანადგურებს.