გორელი მოსწავლეების თვალით დანახული ომი და ოკუპაცია

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მიონაწილე გორის N5 სკოლის გუნდმა გამიგვიგზავნა საავტორო სტატია, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. მოსწავლეებმა თავად მიაკვლიეს ომით დაზარალებულ ადამიანებს და მათი მოყოლილი ამბები კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საშინელებას რასაც ომი და ოკუპაცია ქვია. სტატიას უცვლელი სახით გთავაზობთ.

მდგრადი განვითარების პროგრამის ერთ-ერთი (მე-16) მიზანი მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ეფექტური ინსტიტუტებია, რადგან მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარება, თითოეული ადამიანის უსაფრთხო, გარანტირებული მომავალი. მსოფლიოს არაერთ კუთხეში, რეგიონალური თუ ლოკალური ომები და კონფლიქტები დღესაც ხდება, რასაც ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციოლოგიური კატასტოფა ახლავს. შიში, ძალადობ, ადამიანების წამება ომების და კონფლიქტების თანმდევი გამოვლინებებია. 

10 წლის წინ ამ დროს ჩვენი ქალაქი იბომბებოდა, 3 დღის შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უცხო ქვეყნის ტანკები იდგა. აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, თუმცა ჩვენს ქალაქს ომის კვალი ისევ ატყვია--ჩვენი ქალაქიდან 3 კმ-ში მავთულხლართების მიღმა დარჩენილი ჩვენი საქართველოა. მცოცავი ოკუპაციის ფონზე გარანტირებული მშვიდობა კი კვლავ მყიფეა. ომს ( მიზეზის, არეალის, ხანგრძლივობის და ინტენსივობის მიუხედავად) კონკრეტული მისამართი და რიგითი მოქალაქეებისათვის სისხლის ფერი, ცრემლის გემო და დენთის სუნი აქვს. ისევე როგორც ამ კონკრეტული ქუჩის კონკრეტული სახლის ბინადრებისათვის. 

ჩვენ საბედნიეროდ ეს ომი არ გვახსოვს (მაშინ 3-4 წლის ვიყავით), ის ახსოვს ჩვენს ქალაქს, მის მოსახლეობას, დაღუპულთა ოჯახებს, დევნილებს. ყველას თავისი მძიმე მოგონება აქვს. ეს გორში ხახუტაშვილის ქ.# 3 კორპუსია. ასე გამოიყურებოდა ის დაბომბვის შემდეგ უცხოელი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფოტოზე ეს ომის პორტრეტია. 

ჩვენ დავინტერესდით ამ სახლის მაშინდელი მაცხოვრებლების შემდგომი ბედით. ჩვენი ქალაქის ფარგლებში ყველაზე მეტი მსხვერპლი ამ კორპუსში იყო -14 დაღუპული, მათგან 1 მოზარდი -12 წლის ბიჭი (ზუსტად იმ ასაკის რამდენისაც ახლა ვართ ჩვენ) და ერთი ოჯახიდან 4 წევრი. აღდგენილ კორპუსში დღეს 20 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ იმ მოვლენების უშუალო თვითმხილველებს გავესაუბრეთ: ბ-ნ ნოდარს, რომლის ოჯახის 4 წევრი დაიღუპა და ქ-ნ ლალის, რომელმაც დაბომბვის დროს ფეხი დაკარგა. 

ძალიან რთული და ემოციურად მძიმე მოსასმენია თითოეულის მოგონება. დანაკარგი კი- აუნაზღაურებელი. სწორედ მშვიდობიანი, უკონფლიქტო მსოფლიოს აუცილებლობამ წარმოშვა ჯერ კიდევ "ცივი ომის" პერიოდში მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერება-ირენოლოგია, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების გზებს იკვლევს. მშვიდობისმყოფელობა მშვიდობის რელიზაციის ერთადერთი გზაა. მშვიდობის მიღწევაში კი განუზომელია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ძალისხმევა. 

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის, მშვიდობის მიღწევის მცდელობის მიუხედავად მსოფლიოს მშვიდობიანი არსებობის გარანტია კვლავ ძალზედ მყიფეა. საუკეთესო გამოსავალი კეთილისმყოფელთა აქტიურობა, მსოფლიოს საზოგადოების ფართოდ ჩართულობა და მოზარდებში ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებაა, რადგან ომი კაცობრიობის ფიზიკურ არსებობას უქმნის საფრთხეს. დღეს ჩვენი გუნდის წევრებმა გორში აგვისტოს ომის მსხვერპლთა პატივსაცემად დაგეგმილ არაერთ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. არა ომს, არა ოკუპაციას, არა ძალადობას. მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა!