სენაკის სკოლა-გიმნაზიის გუნდი ECO-R კამპანიას - "იცურე მშვიდად" შეუერთდა

2018 წლის ზაფხულში დაიწყო კამპანია „იცურე მშვიდად“. კამპანია მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ და მისი მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს ის ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. 
სენაკის სკოლა-გიმნაზიის გუნდი ,,ECO-R” შეუერთდა აღნიშნულ აქციას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. 

პირველ რიგში მოსწავლეებმა დაბეჭდეს ბუკლეტები და გავიდნენ ახლოს მდებარე მდინარეებზე - მდ. ხობისწყალი და მდ. ტეხურა. მათ მოქალაქეებს გადასცეს ეს ბუკლეტები, რათა აემაღლებინათ მათი ცნობიერება არსებული საფრთხეებისადმი. ორივე მდინარე საკმაოდ დიდი საფრთხეების შემცველია და სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა უბედური შემთხვევა. მომავალში გუნდის წევრები გეგმავენ თბილისის ზღვაზე იგივე აქციის ჩატარებას და ამ შემთხვევაშიც აქცია მიმართული იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. 

კამპანიაში ჩართვით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-6 და მე-9 მიზანს, რაც მდგომარეობს წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფასა და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაში. გუნდი ,,ECO-R” იმედოვნებს, რომ მოსახლეობა უფრო ფრთხილად მოეკიდება საკუთარ სიცოცხლეს და ხელისუფლებაც გულთან ახლოს მიიტანს იმ საფრთხეებს, რომელიც არსებობს ზღვებსა და მდინარეებზე.