ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბელები სასწავლო წლის დაწყებამდე წყლის ვარგისიანობას იკვლევენ

მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა CEEN-ის მიერ მიწოდებული კითხვარებით აწარმოეს კვლევა, თუ რამდენად აკმაყოფილებს სასმელი წყლის ხარისხი ნორმებს სასწავლო შენობაში. ბავშვებმა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია წარმოადგინეს ანგარიშის სახით, შეაგროვეს აღნიშნულ თემაზე ვიზუალური მასალა და მოაწყვეს პრეზენტაცია სკოლის ადმინისტრაციასა და სოფლის თემთან .სამუშაო შეხვედრაზე, სადაც აღნიშნული თემის განხილვა მოხდა.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ სკოლაში ამ მხრივ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. სკოლაში 300- ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ამიტომ წყლით უზრუნველყოფა ბევრ ადგილას და სხვადასხვა დანიშნულებითაა საჭირო. როგორც კვლევამ აჩვენა, წყალი სკოლაში მრავალი დანიშნულებით გამოიყენება (სასმელად, ხელის დასაბანად, ტუალეტის ჩასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, ნარგავების მოსარწყავალ, სპორტდარბაზში ვარჯიშის შემდეგ საბანაოდ და სხვა.) 

წყალი სკოლას მიეწოდება 24 საათიანი რეჟიმით და წყლის ონკანები არის სხვადასხვა ადგილებში (შენობაში, ეზოში).სკოლას გააჩნია ალტერნატიული წყალი, მაგრამ საჭიროა გარკვეული სამუშაოები მის სკოლაში შესაყვანად. სკოლის ადმინისტრაცია და სოფლის თემი შეთანხმდნენ წყლის ალტერნატიული საშუალება უახლოეს დროში (სწავლის დაწყებამდე) სკოლაში შემოიყვანონ.წყალი სკოლას, როგორც მთელ სოფელს მიეწოდება ტყეში გაკეთებული წყლის სათავე ნაგებობიდან.

როგორც სოფლის თემის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წყალი სათავეშივე იფილტრება და ხდება მისი ქლორირება. რამდენადაა სასმელი წყალი მინერალებით მდიდარი ამის გასარკვევად მოსწავლეებმა წყლის ნიმუში ჩააბარეს ქალაქ ბათუმში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიას და ელოდებიან კვლევის შედეგებს.