სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სსმ თანატოლებზე ზრუნავენ

სენაკში მდებარეობს "სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი-ლაზარე-2015“, რომელშიც 15 ბავშვი ირიცხება. მათი მდგომარეობა ყველასთვის მტკივნეულია, ასევე, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიისთვისაც, რომელიც მუდმივად ცდილობს მათ გახალისებას და მაქსიმალურად რთავს სასკოლო ღონისძიებებში. 

პირველი აგვისტო დღის ცენტრის დაბადების დღეა. სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ,,ECO-R” გადაწყვიტა გაელამაზებინა მათთვის ეს დღე და წვეოდა პატარებს. თუმცა მანამდე, ორი დღით ადრე გუნდის წევრებმა დაბეჭდეს ფლაერები, რომელიც დაურიგდათ სენაკში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა თუ მსხვილ ორგანიზაციებს. ამით მოსწავლეებმა ამცნეს საზოგადოებას ,,ლაზარე-2015“-ის დაბადების დღის შესახებ და მოუწოდეს გაეხარებინათ დღის ცენტრის ბავშვები სტუმრობითა და საჩუქრებით. 

პირველ აგვისტოს კი შედგა სტუმრობა. გიმნაზიელების მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია და შედეგი გამოიღო. ამ აქტივობით გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს, რომელიც მდგომარეობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაში ყველასათვის. 

ამ ბავშვებთან ურთიერთობა სკოლა-გიმნაზიელებისთვის უკვე ჩვეული ფაქტია. ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვისას ცდილობენ მოუნახონ მათ ადგილი და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აგრძნობინონ. ეს კი დღის ცენტრთან ხშირი კომუნიკაციის შედეგია, რომელიც მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება.