აჭარაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა და დეკორატიული და ტყის სახეობები გაშენდა. 13 ნოემბერს, ქობულეთში, USAID–ის მიერ დაფინანსებული პროგრამის: „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურთან არსებული არალეგალური ნაგავსაყრელი გაასუფთავდა. გასუფთავებულ ტერიტორიაზე დაიდგა ორი 700 ლიტრიანი ნაგვის ურნა და საინფორმაციო ბანერი მომავალი დაბინძურების პრევენციის მიზნით. ნაგვის ურნების დაცლა/გატანას ქობულეთის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
გასუფთავებულ ტერიტორიაზე, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ მხარდაჭერით, დაირგო 80 ძირი კრიპტომერიისა და მურყანის სახეობის მცენარეები. მოცემული სახეობები შეირჩა აღნიშნული ადგილისათვის კარგი ადაპტაციის უნარისა და სწრაფი ზრდის გამო, რათა დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ მცენარეებით დაფარული ტერიტორია და აღნიშნულ ადგიილს შევუცვალოთ ფუნქცია.