„სახელმწიფო სწორი პოლიტიკური კურსით რომ წავიდეს, სვანეთი დაცულ ტერიტორიად უნდა გამოაცხადოს და ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითაროს,“-ასე ეხმაურება სამოქალაქო მოძრაობა „სვანეთის ლალხორის“ წევრი დავით გულბანი ბოლო პერიოდში ჭუბერში და ხაიშში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ცნობილია, ხაიშში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში 26 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათიდან შევიდნენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.
არაერთი ექსპერტი აცხადებს, რომ სვანეთში სამასალე ხე-ტყის მომზადებაში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ არსებობა შეძლონ.
აქციაზე გამოსული მოსახლეობა სწორედ ამ ულტიმატუმს უყენებდა ხელისუფლებას — მოგვეცით სამუშაო, რითი ვიარსებოთ.პარალელულად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა მესიჯი, გამოსავალი - ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაშია, რაც დაქამების და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი გზაა.
რეგიონული განვითარების მიმართულების ახალი ხელმძღვანელი სოზარ სუბარი ამბობს, რომ - „თან ხე ვჭრათ, თან ჰესი არ ავაშენოთდა თან კარგად ვიცხოვროთ - ასეთი რამე შეუთავსებელია“.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რას ნიშნავს ხელისუფლების ეს მესიჯი, დასაქმების კუთხით აპელირება არის თუ არა იმისკენ მიმართული, რომ სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა ჰესების მშენებლობებზე დაითანხმონ? როგორც ცნობილია, სვანები ჰესების მშენებლობას მოსახლეობა დიდი ხანია აპროტესტებს და თვეების მანძილზე მშენებლობა შეჩერებულია.
სამოქალაქო მოძრაობა „სვანეთის ლალხორის“ წევრი დავით გულბანი აცხადებს, რომ მსგავსი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და მის მაცხოვრებლებს შორის კატეგორიულად მიღებელია. წარმოუდგენელია, რატომ არ შეუძლია სახელმწიფოს, თუნდაც მწვავე თემებზე და ცივილურ ფორმებში ისაუბროს.
მისი განმარტებით, ხე-ტყის ჭრა საქართველოში პრობლემაა და სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის არც სვანეთი. გულბანის ინფორმაციით, ეს გუშინ დაწყებული პრობლემა არ არის. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ადგილობრივებს არსებობისთვის სხვა არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. ისინი იძულებულები არიან, რომ ამით თავი ირჩინონ.
გულბანის განცხადებით, სახელმწიფო სწორი პოლიტიკური კურსით რომ წავიდეს, სვანეთი დაცულ ტერიტორიად უნდა გამოაცხადოს და ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითაროს. ეს იქნება ბევრად უფრო მომგებიანი და შორს მიმავალი, პერსპექტიული პროექტი, ვიდრე ერთჯერადი ფორმატით, თუნდაც იგივე, ჰესის მშენებლობა.
„ხშირად გვიპირისპირდებიან ხოლმე, რომ თურმე სვანები მთავრობას ვებრძვით და არ გვინდა წინსვლა. ცალსახად ეს ასე არ არის. სვანეთს თავისი წილი ქართულ ენერგეტიკაში ენგურჰესის სახით აქვს. ამან კი ჩვენს მხარეს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა. ხეობაში კლიმატი მთლიანად შეცვალა. კატეგორიულად მიუღებელია იმ ფორმატით იმ პროექტების განხორციელება, რასაც აპირებენ. საუბარია, დაპირებულ 54 ჰესზე. როდესაც ვცდილობთ ჩვენი უფლებები დავიცვათ, რატომღაც რუსეთის აგენტებად ვინათლებით“-აცხადებს გულბანი.
მისი განცხადებით, სვანეთს ტურიზმის განვითარება უფრო მეტ ბენეფიტებს მოუტანს, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. საქართველოს ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსავალი სოლიდურია, ,როცა ენერგეტიკული პროექტები ამ ნიშნულს ვერც კი უახლოვდენიან.
მისი თქმით, როდესაც ტურიზმის ინფრასტრუქტურა კეთდება, დოვლათი ნაწილდება სრულად მოსახლეობაზე, რადგან სხვადასხვა სერვისებზე თითოეული მათგანია ჩართული. ჰესების შემთხვევაში, ეს ასე არ არის, თან საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც რეგიონში მცირე რაოდენობითაა.
„ჩვენ არ ვამბობთ უარს განვითარებაზე, კომპრომისის მონახვა შესაძლებელია. იმ ფორმატით და იმ მასტაბებით, რის განხორციელებასაც აპირებენ, მიუღებელია. სრულად იცვლება კლიმატი, ლანდშაფტი, 54 ჰესი ძალიან ბევრ მდინარეს გააქრობს ხეობაში და წარმოგიდგენიათ როგორი გახდება ლანშაფტი? არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომ მოხდეს, მათი მარგიქმედების კოეფიციენტი ბევრად უფრო დიდი გახდება. ეს არ უნდათ რადგან, იქ წილები გადანაწილებულია და ახალში თვითონ აქვთ ინტერესი“-აცხადებს გულბანი.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილის განცხადებით, სვანეთის მოსახლეობა აღიარებს რომ ხე-ტყეს ჭრის, მაგრამ ასევე აღიარებს, ეს კარგი არ არის და ურჩევნია დასაქმების ალტერნატიული საშუალება ჰქონდეს.
გეთიაშვილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ სტიქიიის გამომწვევი მიზეზი, ბოლო პერიოდში აქტიური ხე-ტყის ჭრა იყო. თუმცა, სახელმწიფოს როლი აქ მრავალმხრივია.
გეთიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მართალია. სვანეთშიც და ყველგანაც საჭიროა ადამიანს ჰქონდეს კანონიერად ბიზნესის კეთების, შემოსავლის მიღების და კეთილდღეობის საშუალება.
კითხვაზე, ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება სვანეთში ტურიზმის განვითრება ვიდრე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, გეთიაშვილი განმარტავს, რომ შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით, მომგებიანი ტურიზმის მიმართულება იქნება.
„ტურიზმში შემოსავლები მოსახლეობაზე ნაწილდება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ შექმნა ძალიან კარგი პრეცენდენტები, ისეთი, როგორიცაა, თუშეთის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი. ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ხეებს ჭრიდა და თავი ძლივს გაჰქონდა, დღეს მათ ძალიან დიდი შემოსავალი გაუჩნდათ. აქ არ არის საუბარი მაფიაზე და არალეგალურ ბიზნესზე, რომელიც ძალიან ვიწრო წრეზე ნაწილდება. აქ საუბარია მოსახლეობაზე, როემლიც ამ ბიზნესს ემსახურება“-აცხადებს გეთიაშვილი.
მისი განმარტებით, აუცილებელია გაკეთდეს ეფექტურობის და ეკონომიკური ანალიზი. რა სფერო უნდა განვითარდეს ამას გათვლები სჭირდება. ტურიზმს რომ პოტენციალი აქვს, ამას განსაკუთრებული მიდგომა და დათვლა არ სჭირდება. „ამის ხელშემწყობი იქნება ის, რომ სვანეთში ელექტროენეგია უფასოა“-აცხადებს გეთიაშვილი.