სამი სკოლის "მეგრული ოდისეა" ნიკო კეცხოველის გზაზე

კონკურსის „ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია“ ფარგლებში, ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ტყის მცველნი“, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა გიმნაზიისა და თაიას საჯარო სკოლის ეკოკლუბებთან ერთად მოინახულა სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტის, ჩხოროწყუს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები. 

ეს ობიექტებია: შურუბუმუს მღვიმე, ლუგელას მინერალური წყლები, გვალაშარას ჩანჩქერი, ღუნჯის ჩანჩქერი. აღნიშნული პუნქტები დატანილია საქართველოს ტურისტული მარშრუტების რუკაზე. სამი სკოლის ეკოკლუბი ერთმანეთს ჩხოროწყუში შეხვდა, აქედან კი ისინი მუხურისაკენ გაემართნენ, სადაც შეხვდნენ რეინჯერებს: როლანდ ცირამუას და ნოე ჯაფარიძეს. 

სოფელ მუხურიდან მდინარე ხობისწყლის ხეობის გავლით ჯგუფი ჩრდილოეთისაკენ გაემართა, პირველი პუნქტი გვალაშარას ჩანჩქერი იყო. რომლის მონახულების შემდგომაც ჯგუფმა გზა კვლავ ჩრდილოეთისაკენ ღუნჯის ჩანჩქერის მიმართულებით გააგრძელა, მაგრამ გზის არ არსებობის მიზეზით მისი მონახულება შეუძლებელი გახდა. ეკოკლუბელებმა გეზი იმ ადგილისაკენ აიღეს, სადაც გამოედინება სამკურნალო მინერალური წყალი „ლუგელა“, წყარო ზღვის დონიდან 290 მ. სიმაღლეზეა. წყალი ბუნებრივი მედიკამენტია, წარმოადგენს 9,5%-იან კალციუმის ხსნარს, სამწუხაროა, რომ იგი უაზროდ იღვრება და კუსტარულად ჩამოსხმა, შემდგომი რეალიზაციისათვის, პლასტმასის ისეთ ბოთლებში ხდება რომელთა მეორადი გამოყენება საფრთხის შემცველია. 

ჯგუფმა უკვე მოსანახულებელი ადგილებიდან ბოლო წერტილისაკენ აიღო გეზი და გამოჩნდა იდუმალი მღვიმისაკენ მიმავალი გზა რომელიც ისეთივე მშვენიერია, როგორიც თავად. ხასხასა მწვანე ხავსი, მოხუცი ბზის ხეებ ქვეშ არის მოქცეული და საოცარ სანახაობას ქმნის. შესამჩნევია ხეებზე განთავსებული „სიკვდილთან მებრძოლი“ საშუალებები, რომელთა განთავსების მიზეზი, უკვე ყველასათვის ცნობილი მავნებელი ბზის ალურაა. როგორც რეინჯერთან საუბრისას გაირკვა, სიტყვა „შურუბუმუ“ ითარგმნება როგორც „სულგანაბული“ და მართლაც სულგანაბული ითქმის მღვიმეზე სადაც მდინარის ბობოქარი ხმა ოდნავადაც კი არ ისმის. აქვე, მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორიები შურუბუმუს მღვიმისა და მისი იდუმალების შესახებ. აღსანიშნავია, 2004 წლის სპელეოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადასტურებული ინფორმაცია, რომ უფსკრულ „ხავერდოვანაში“ მიმავალი პატარა მდინარე, შურუბუმუს იმ ადგილიდან გამოედინება, რომელსაც „დეიძახი“, ანუ „ დევის ძახილი“ ეწოდება. 

მოლაშქრეების ყურადღება სკების სიმრავლემაც მიიპყრო, თურმე სოფელი მუხური მეფუტკრეობის დიდი ისტორიითაცაა გამორჩეული და აქ ეს პროფესია შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროსაც წარმოადგენს. მიუხედავად იმ დადებითი ემოციებისა რომლებიც მოსწავლეებს დაეუფლათ, ყველასათვის სამწუხაროა, რომ ეს ულამაზესი ადგილები დაბინძურებულია. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არც ერთ საბანაკე ტერიტორიაზე არ არის განთავსებული ნაგვის ურნები. ლაშქრობის დასასრულს, მოსწავლეებმა დაასუფთავეს საბანაკე ტერიტორია, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, გაშალეს კარავი და დაგეგმეს სამომავლო მწვანე ღონისძიებები.