ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე, ქალაქ თელავის N2 სკოლის ეკოკლუბი გვატყობინებს, რომ რამოდენიმე დღეა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ონკანებში საშინლად დაბინძურებული წყალი მოდის და ადამიანების მოწამვლის საფრთხე მაღალია.
ბავშვების მიერ შალაურში გადაღებული ფოტოდანაც ჩანს, რომ ამ წყლის არა მარტო დალევაა სახიფათო და წარმოუდგენელი, არამედ საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვისაც არ გამოდგება.
"საკმარისია წვიმა მოვიდეს, რომ წყალი ხდება ამღვრეული და გამოუსადეგარი. შესაბამის სამსახურში როდესაც ვრეკავთ აცხადებენ, რომ სათაო ნაგებობებია აღსადგენი და ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. ამ ნაგებობების შეკეთებას ან ახლით შეცვლას კი დიდი თანხები ესაჭიროებაო, უკეთესის მოლოდინში კი მოსახლეობა ჯანმრთელობისათვის საშიშ წყალს მოიხმარს" - ამბობენ ეკოკლუბელები.