გორის N1 სკოლის ეკოკლუბმა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით მცირე კვლევა ჩაატარა

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ეკო-მებრძოლებმა" გარემოზე ზრუნვა პანდემიის დაწყებამდე კვლევების სახით განაგრძეს. მოსწავლეები დაინტერესდნენ ერთ-ერთი უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემით - გლობალური დათბობით.

ვინაიდან გლობალური დათბობა უამრავი ეკოლოგიური და ბუნებრივი მოვლენების წარმართვაზე ახდენს უარყოფით გავლენას, "ეკო-მებრძოლებმა" ამჯერად ყურადღება გაამახვილეს ერთ-ერთ მათგანზე და ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორია ზამთრისა და ზაფხულის სეზონების საშუალო ტემპერატურა ახლა, და როგორი იყო ამ სეზონების ტემპერატურების საშუალო მაჩვენებელი 50 წლის წინ.

კვლევის ობიექტად "ეკო-მებრძოლებმა'' იანვრისა და ივლისის ტემპერატურები აიღეს, 50 წლის წინანდელ ამ თვეების მონაცემებს შეადარეს, შედეგი კი კვლევის სახითაა წარმოდგენილი.აღნიშნული საკითხის კვლევის სრულყოფისთვის წევრები გაეცვნენ როგორც სამეცნიერო ლიტერატურას, კერძოდ "აღმოსავლეთ საქართველოს გეოგრაფია"- დ.უკლება,  ასევე გამოიკითხეს გორის რაიონის ასაკიანი მოსახლეობა.

მათთვის დასმული კითხვები:

   1. როგორი ზამთარი იყო თქვენს ბავშვობაში/ ახალგაზრდობაში?
   2. იყო თუარა ზამთარში ხშირი თოვლის საფარველი?
   3. შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ დაახლოებითი ტემპერატურა იმდროინდელი ზაფხულისა და ზამთრის სეზონებისა?       
 
ამ კვლევის საფუძველზე, რომელმაც უკიდურესად კრიტიკული ცვლილება აჩვენა, "ეკო-მებრძოლებმა" გააკეთეს დასკვნა, რომ ადამიანთა საქმიანობა ის, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს.